ბიზნესი
29/03/2021

ბიზნესი სამშენებლო ამნისტიაზე საკუთარ ხედვებს პარლამენტს 2 კვირაში წარუდგენს

პარლამენტში ბიზნეს სექტორის ჩართულობით, სამშენებლო ამნისტიის თაობაზე მსჯელობა გაიმართა. მხარეებმა კანონპროექტში არსებულ ხარვეზებსა და მათი მოგვარების საკითხებზე ისაუბრეს.

ერთობლივი გადაწყვეტილებით ბიზნეს სექტორი უახლოეს ორ კვირაში პარლამენტს კანონში არსებული პრობლემების მოგვარების საკუთარ ხედვას წარუდგენს.

საქმე ეხება ერთი მხრივ შენობის ექსპლუატაციაში მიღების ვადების, მეორე მხრივ კი ელექროენერგიისა და გაზის მიწოდების საკითხს.

ცნობისთვის, ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.

თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.

საკანონდებლო პაკეტის მესამე ნაწილი ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 2009 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, დაშვებულია შენობა-ნაგებობების გამოყენება და მასში ცხოვრება, მის ექსპლუატაციაში მიღებამდე.

Businesspartner