ბიზნესი
16/02/2021

"ბიზნესი ისედაც მძიმე მდგომარეობაშია" - დამსაქმებელი ახალი ვალდებულების წინაშე

დამსაქმებელთა ასოციაცია, თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვის ვალდებულების გადავადებას ითხოვს. მიზეზი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური და მძიმე ფინანსური მდგომარეობაა.

გაერთიანებაში რეგულაციის ალტერნატივად განიხილავენ აღსრულების ნაწილში სანქციების გარკვეული დროით შემსუბუქებასაც.

„წელს ყველანი ვიმყოფებით ტესტ რეჟიმში, ისედაც გართულებულ კოვიდ გარემოში. ვფიქრობ, ყველა კომპანიას უნდა მიეცეს ვადა, ალბათ, მინიმუმ წლის ბოლომდე იმისათვის, რომ ამ ახალ ვალდებულებებს მოარგონ შიდა სამუშაოები. არ შეიძლება მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესი ერთ ქვაბში მოვხარშოთ. დღეს როდესაც ბიზნესი საკმაოდ რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია არ მიმაჩნია სწორად დამატებით კიდევ შეზღუდვების და რეგულაციების დაწესება. შესაძლებელია ვალდებულება ამოქმედდეს, თუმცა აღსრულების ნაწილში შესაბამისი სტრუქტურები მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლონ და სანქციები და ჯარიმები სადამსჯელო ღონისძიებად გამოყენებული დროებით არ იყოს. სჯობს, საშუალოდ ერთი წლის განმავლობაში იყოს კონსტრუქციული თანამშრომლობითი მიდგომა,“ - განმარტა "ბიზნესპარტნიორთან" დამსაქმებელთა ასოციაციის გამგეობის წევრმა შალვა ცხაკაიამ.

შეგახსენებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით 1 მარტიდან ახალი შრომის კოდექსის საფუძველზე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა დაევალება.

დოკუმენტი სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საკანონმდებლო მაცნეზე 12 თებერვალს გამოქვეყნდა.

 

 

Businesspartner