ბიზნესი
17/11/2020

ბიზნესი დღგ-ს ზედმეტობას ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნებს

დღეიდან გადასახადის გადამხდელებს დღგ-ს ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში, მოთხოვნის წარდგენის გარეშე, წინასწარ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე დაუბრუნდებათ.

რეფორმის მორიგ ეტაპს მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აანონსებს.

ინიციატივით, საერთო ჯამში, 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს. მთავრობის პროგნოზით, ეკონომიკაში კი ყოველწლიურად ავტომატურად მილიარდ ლარზე მეტი დაბრუნდება.

"ჩვენ უკვე დღგ-ს საბრუნების თვალსაზრისით 600 მლნ-ს გავცდით. ახლა ავტომატური დაბრუნების რეჟიმის დამკვიდრების შემდეგ, ვფიქრობთ, წელს უკვე 250 მლნ-ით გაიზარდება ეს მაჩვენებელი. მომდევნო წლებში კი მილიარდამდე თანხა იქნება დაბრუნებული. გადამხდელს ყოველგვარი ფორმალობისა და მიმართვის, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის გარეშე, ავტომატურად საბანკო ანგარიშზე დაუბრუნდება მისი კუთვნილი დამატებითი ღირებულების გადასახადი", - ამბობს "ბიზნესპარტნიორთან" შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი.