"ბევრი მშენებლობა გაჩერდა, რადგან ინვესტორი ვერ ჩამოდის“ - მენაშენეთა ასოციაცია
საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საქსტატის გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს აფასებს. უწყების ინფორმაციით, 1 წელში საქართველოში დასრულებული მშენებლობის ფართობი 44.6%-ით შემცირდა. როსტომაშვილი აღნიშნულ ფაქტს პანდემიას და ბოლო პერიოდში მერიის მხრიდან მიღებულ რეგულაციებს უკავშირებს.
„გარკვეული პროექტები შეიცვალა,გადავადდა.თუ მშენებლობა უნდა დაწყებულიყო 6 თვის წინ და დასრულებულიყო ახლა, ვერ დაიწყო რადგან 41-ე დადგენილება ამოქმედდა. ამას ემატება ისიც, რომ კარანტინის დროს საერთოდ გაჩერებული იყო ყველაფერი, - პრობლემა კომპლექსურია“, - აცხადებს როსტომაშვილი.
კითხვაზე, სამშენებლო სექტორში დღეს არსებული ვითარება ხომ არ არის 2008 წლის პერიოდის მსგავსი, როსტომაშვილი აღნიშნავს, რომ 2008 წლის კრიზისი დეველოპმენტის კუთხით ბევრად უფრო მასშტაბური იყო.
1 წელში დასრულებული მშენებლობების შემცირება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირებამ ვერ იმუშავა, როსტომაშვილი აცხადებს, რომ მშენებლობაში ვითარება 1-2 თვეში ვერ შეიცვლებოდა, შესაბამისად, მთავრობის დაწყებულ პროგრამას და მისგან მიღებულ ეფექტს დრო სჭირდება. „ინერტული პროცესია. ბევრი ობიექტი გაჩერდა იმიტომ, რომ ინვესტორი ვერ ჩამოდის მსოფლიოში არსებული სიტუაციის გამო, ვგულისხმობ ფრენების შეზღუდვას,“ - აცხადებს როსტომაშვილი.
რაც შეეხება მოლოდინებს, როსტომაშვილი აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ყველაფერს ემთხვევა საარჩევნო წელი, რომელიც თავის მხრივ მოლოდინის რეჟიმს ქმნის. აქედან გამომდინარე, ვითარება დეველოპერულ სექტორში გაურკვეველია.
სექტორში არსებულ სიტუაციას დეველოპერული კომპანია „ბინადარის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგა ტალახაძე პანდემიას უკავშირებს და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში სიტუაცია დასტაბილურდება.
შეგახსენებთ, 2020 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, დასრულებული მშენებლობების მოცულობა 2,8 მილიონი კვადრატული მეტრით შემცირდა.
"საქსტატის" მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ქვეყანაში 758,779 კვადრატული მეტრის უძრავი ქონების მშენებლობა დასრულდა. დასრულებული ობიექტების რაოდენობა კი 810-ია.
გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელი 3,520,869 კვადრატული მეტრი და 4,991 ობიექტი იყო და უმეტესობა აჭარაზე მოდიოდა. 2020 წლის პირველ კვარტალში დასრულებული მშენებლობების უმეტესობა - 423,833 კვადრატული მეტრი კვლავ დედაქალაქზე მოდის, მეორე ადგილზე კი იმერეთის რეგიონია 59,441 კვადრატული მეტრი დასრულებული მშენებლობით. მესამეა მცხეთა-მთიანებთი 58,909 კვადრატული მეტრით. აჭარა მეოთხე პოზიციაზეა თითქმის 47 ათასი კვადრატული მეტრი დასრულებული მშენებლობით.