ბიზნესი
30/01/2023

ბესო ორთოიძე: უძრავ ქონებაზე ფასები შესაძლოა 10%-ით გაიზარდოს

სამშენებლო კომპანია „არსის“ აღმასრულებელი  დირექტორი ბესო ორთოიძე მიმდინარე წელს უძრავ ქონებაზე ფასების 10%-იან ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ მან გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, უძრავი ქონების გაძვირება 2022 წელს დაიწყო.

„წლის დასაწყისშივე ვიცოდით, რომ მზარდი ფასები გვექნებოდა. პანდემიის შემდეგ ეს მოსალოდნელი იყო. ახალი ტენდენციით, 2022 წელს ადამიანებმა უძრავი ქონების შეძენა ძირითადად საინვესტიციოდ დაიწყეს, ამან კი გაზარდა მოთხოვნა, რამაც ავტომატურად ღირებულებაზეც იმოქმედა. აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდაზე გავლენა სხვა ფაქტორებმაც მოახდინა  - ეს იყო მაღალი ინფლაცია და რუსეთ-უკრაინის ომი, რის გამოც სამშენებლო მასალები გაძვირდა,“-განაცხადა ბესო ორთოიძემ.

„არსის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საქართველოს მსგავსად უძრავ ქონებაზე ფასები საერთაშორისო ბაზარზეც გაიზარდა.

„ფასების ზრდაც წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა, როდესაც მაღალი ინფლაცია იყო. შემდეგ ომი დაიწყო და სამშენებლო მასალები გაძვირდა. მიგრანტების ეფექტი უფრო წლის მეორე ნახევრიდან იყო, რამაც ისედაც გაზრდილ მოთხოვნას ისიც დაუმატა, რომ იჯარის ფასები თითქმის გაორმაგდა“- ამბობს ბესო ორთოიძე.

ორთოიძე პანდემიის შემდეგ არსებულ ტენდენციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საკმაოდ შეცვლილია ის სტანდარტი, რაც პირობითად, 10 წლის წინ არსებობდა. 

"გაიზარდა კომპანიები და აღარ უშვებენ შეცდომებს, გაიზარდა საბანკო სექტორიც, რომელიც ჩართულია ამ  სექტორში და გარკვეული რისკების გადაზღვევას ახდენს. გაიზარდა მომხმარებელიც, ისწავლა გარკვეული რისკების გაანალიზება. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ვალდებულებები ავიღეთ თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით, უამრავი ახალი რეგულაცია განხორციელდა ჩვენს დარგში და სტანდარტები გაცილებით მაღალია,“- განაცხადა კომპანია „არსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა