ბესო ორთოიძე: ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა დაჩქარდება
დეველოპერების პროგნოზით, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში შესული ცვლილებები პროგრამის განხორციელების ტემპს დააჩქარებს.
როგორც „არსის“ გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლებისთვის აქამდე არსებულ წესში მოსახლეობა ბევრ რისკს ხედავდა და შესაბამისად, მათი დათანხმება ძალიან რთული იყო.
„ჩვენ ვხედავდით, რომ პირვანდელ ეტაპზე ეს პროგრამა ნელი ტემპით ხორციელდებოდა და ამას ქონდა სერიოზული მიზეზები. წარმოვიდგინოთ, ჯერ ავარიული სახლიდან უნდა გამოეყვანათ მოსახლეობა ქირით, მერე დაწყებულიყო ავარიული სახლის დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი კორპუსი უნდა აშენებულიყო.
ახალი ინიციატივა კი გულისხმობს, რომ ამიერიდან მუნიციპალიტეტის არსებულ მიწაზე აშენდება საცხოვრებელი სახლი და შემდეგ მოხდება იქ მოსახლეობის გადაყვანა. ამ პროგრამაში საკვანძო საკითხია მოსახლეობის თანხმობა. მიუხედავად იმისა რომ ავარიულ სახლებში ცხოვრობენ, ადამიანები საკმაოდ რისკიანად უყურებენ ცვლილებებს.
შესაბამისად, პირვანდელი სქემის მიხედვით, რა თქმა უნდა, რთული იყო მოსახლეობის დათანხმება. შეიძლება მესაკუთრეს ქონოდა შიში, რომ სახელმწიფოს ქირა ვერ გადაეხადა ან ვერ აშენებულიყო საბოლოოდ კორპუსი და ასე შემდეგ. ბევრი რისკი იყო და ეს ყველაფერი დროში ანელებდა პროცესს. ახალ სქემაში შენობა აშენებულია, ის რისკი, რომ კორპუსი არ აშენდეს ან ქირა ვერ გადაუხადონ მესაკუთრეს აღარ არსებობს.
ერთადერთი რისკი რჩება ამ ნაწილში, რომ ლოკაცია და ადგილმდებარეობა არ იყოს მისაღები მოსახლეობისთვის. ამიტომ, მუნიციპალიტეტს მოუწევს მუშაობა, რომ ჩანაცვლება რაღაცნაირად ახლომდებარე ტერიტორიებზე მოხდეს.“- განმარტა ბესო ორთოიძემ.
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა მერიამ გასული წლის სექტემბერში დაიწყო, თუმცა პროგრამის დაწყებიდან ხუთი თვის თავზე მასში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო. თბილისის მერის განმარტებით, ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტი ავარიული სახლის ჩანაცვლებას განახორციელებს არა იმავე ტერიტორიაზე, რაზეც დგას ავარიული სახლი, არამედ სხვა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ამისთვის მერიას კორპუსის მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა აღარ დასჭირდება, როგორც ეს აქამდე იყო საჭირო.
მერიაში განმარტავენ, რომ მოსახლეობის თანხმობა აუცილებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა მაცხოვრებლების უკვე დასრულებულ კორპუსში გადაყვანის დრო დადგება.