ბიზნესი
23/01/2023

ბენზინის შენახვა-დისტრიბუციისას მავნე აირების შემცირებაზე BAG-ისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა იმსჯელეს

საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციის დროს აქროლადი ორგანული ნაერთების გაფრქვევების შემცირების მიზნით მისაღები ნორმატიული აქტის განხილვა იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ნავთობკომპანიებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრის მთავარი საკითხი.

შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრ კომპანიებს გააცნეს ნორმატიული აქტის პროექტით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები, კერძოდ, საუბარი შეეხო ევროდირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვის სამართლებრივ და ტექნიკურ დეტალებს, დანერგვის ვადებს და რეგულაციის დანერგვის ზეგავლენის (RIA) მოკვლევის შედეგებს.

ნავთობკომპანიების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს, ნორმატიული აქტის ეტაპობრივი დანერგვის ტექნიკურ შესაძლებლობებზე, აქედან გამომდინარე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციის დროს წარმოშობილი აქროლადი აირების რეგულირება გახლავთ მნიშვნელოვანი მიმართულება. აუცილებელია ინდუსტრიასა და სახელმწიფოს შორის მსგავსი კომუნიკაციის არსებობა, ვინაიდან სწორედ ამგვარი კონსულტაციების შედეგად იქმნება დარგში არსებული სიტუაციის აღქმის შესაძლებლობა. განისაზღვრება თუ რისი საშუალება აქვს ბიზნეს ობიექტური, ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე და რა ვადებშია მიღწევადი დასახული მიზნები. საერთო ამოცანის შესრულება გულისხმობს, ერთის მხრივ საქართველოს მისწრაფებას პირნათლად შეასრულოს ევრო-დირექტივებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მეორეს მხრივ აღნიშნული განახორციელოს საამისოდ გონივრულ ვადაში, ბიზნესის ინტერესების დაცვით და ოპტიმალური დანახარჯებით“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.