ბიზნესი
11/10/2022

BEKO: იჯარის გადასახადი გაზრდილია, 500 კვ.მ-ზე თვეში $18 315-ს ვიხდი

ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას  კომერციულ ფართებზე იჯარის გადასახადის ზრდა აფერხებს, ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Beko-ს გენერალურმა დირექტორმა განუცხადა.

მისი განმარტებით, დღეს უძრავ ქონებაზე იჯარის გადასახადი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 30%-ითაა გაზრდილი, რაც საბოლოო ჯამში, საკმაოდ მაღალია და დიდ ხარჯს წარმოადგენს. 

„მაღაზიას არ დავასახელებ, თუმცა, გეტყვით, რომ თბილისში, თვეში 500 კვ.მ ფართზე იჯარის თანხას   $18 315-ს ვიხდი, ამას ემატება მომსახურეობა, კომუნალურები, თანამშრომლების ხელფასები და ასე შემდეგ,“-აცხადებს მელექი.

მისივე განმარტებით,უძრავ ქონებაზე იჯარის გადასახადი რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შემოსული მიგრანტების გააქტიურებამაც გაზარდა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ტექნიკის ბაზარზე ინვესტირება საკმაოდ მიმზიდველია. 

„მიუხედავად, უძრავ ქონებაზე ფასის ზრდისა, ბოლო წელიწადნახევარია იმდენად კარგად მიდის პროდუქციის გაყიდვები, რომ შესაძლოა ბაზარზე დიდი მოთამაშეების რაოდენობა გაიზარდოს,“-აცხადებს მელექი.

მისი ინფორმაციით, კომპანიას გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად გაეზარდა. თუ გასულ წელს წინა წელთან შედარებით გაყიდვების მაჩვენებლის 29%-იანი ზრდა ფიქსირდებოდა, წელს კომპანიას გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 20%-ით გაეზარდა.

Beko ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 72 ფილიალს ფლობს, თანამშრომლობს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, როგორიც არის „ბრიკორამა“, „დიმინო“, „გორგია“და „ზოდი“,  ასევე, 40–ზე მეტ ინტერნეტ მაღაზიასთან.

კომპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით 7 მომსახურეობის ცენტრი და 3 საწყობი აქვს. მეოთხის რემონტი ახლა მიმდინარეობს.

Businesspartner