BEKO: ამ დროისთვის ყველაზე მოთხოვნადი მაცივრები და სარეცხი მანქანებია
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Beko-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ამ დროისთვის ყველაზე მოთხოვნადია მაცივრები, სარეცხის მანქანები და ე.წ შავი ტექნიკა (ტელევიზორები, მობილური ტელეფონები,კომპიუტერები და ა.შ).
პანდემიის პირობებში კი აქცენტი ტელევიზორებზე, მობილურ ტელეფონებსა და გაზქურებზე კეთდებოდა.
როგორც მეჰმედ მელექი განმარტავს, კომპანიას გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად გაეზარდა. თუ გასულ წელს წინა წელთან შედარებით გაყიდვების მაჩვენებლის 29%-იანი ზრდა ფიქსირდებოდა, წელს კომპანიას გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 20%-ით გაეზარდა.
„რეალიზაციის ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, ძირითადია კომპანიის 25 წლის იუბილე და აქედან გამომდინარე გამოცხადებული მარკეტინგული, ფასდაკლების კამპანიები. ამან საკმაოდ დადებითად იმოქმედა ჩვენს რეალიზაციაზე. გარდა ამისა, გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ბოლო პერიოდში საქართველოში მიგრანტების რაოდენობის ზრდაცაა,“-აცხადებს მეჰმედ მელექი.
Beko-ს გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მესამე მიზეზი, რის გამოც ტექნიკის მაღაზიათა ქსელს გაყიდვები გაეზარდა - შემცირებული ფასებია.
„წლის დასაწყისში ტექნიკაზე ფასები მინიმალურად, 5-8%-ის ფარგლებში გვქონდა გაზრდილი, თუმცა, ლარის კურსის შედარებით დასტაბილურების შედეგად, სექტემბრიდან ფასები 3-4%-ით შემცირდა,“-აცხადებს მეჰმედ მელექი.
შეგახსენებთ, Beko საქართველოში 98 გაყიდვის წერტილს ფლობს, აქედან 72 მაღაზიაა. თანამშრომლობს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, როგორიც არის „ბრიკორამა“, „დომინო“, „გორგია“ და „ზოდი“, ასევე, 20–ზე მეტ ინტერნეტ მაღაზიასთან.