ბიზნესი
15/07/2020

ბექაურის გამოქვეყნებულ თელიასონერას წერილს დიპლომატიური სახე აქვს - ჯოხთაბერიძე

მაგთიკომის დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. საქმე კვლავინდებურად საქართველოს ბაზრიდან თელიასონერას გასვლას ეხება.

გია ჯოხთაბერიძე განცხადებაში წერს, რომ მსხვილი საერთაშორისო ინვესტორების, მათ შორის, თელიასონერას საქართველოდან გასვლის თაობაზე მისი განცხადება ეფუძნება თელიასონერას  2017 წლის ოფიციალურ ანგარიშს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თელიასონერა წლიურ ანგარიშში მთელ თავს უთმობს სტრატეგიული და მზარდი რისკების შეფასებას, რამაც განაპირობა რიგი ქვეყნებიდან (ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, საქართველო, მოლდოვა, ნეპალი) მისი გასვლის  გადაწყვეტილება.

"რაც შეეხება ბატონი ბექაურის მიერ გამოქვეყნებულ თელიასონერას საქართველოში გამოგზავნილ  2017 წლის წერილს, დიპლომატიური სახე აქვს", - წერს ჯოხთაბერიძე.

განცხადებაში დართულია თელიასონერას ანგარიშიდან ამონარიდი (გვ 44-45):

განვითარებადი ბაზრები

კომპანია TELIA-მ განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები ევრაზიის (ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, საქართველო, მოდლოვა, ნეპალი), რუსეთის, თურქეთის და ავღანეთის სატელეკომუნიკაციო ოპერატორებში. 2015 წლის სექტემბერში, კომპანია TELIA-მ განაცხადა მისი გადაწყვეტილების შესახებ შეემცირებინა ამ ქვეყნებში მისი საქმიანობა და დროთა განმავლობაში დაეტოვებინა ევრაზიის რეგიონი. ისტორიულად, ამ ქვეყნებში პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და რეგულატორული სისტემები ნაკლებად პროგნოზირებადი იყო განვითარებულ ბაზრებთან შედარებით. ამ ბაზართა ხასიათი მნიშვნელოვნად ართულებს ოპერაციების პროცესს, რაც მათ შორის განპირობებულია სახელმწიფოს პოტენციური ჩარევით, იმ ფაქტთან ერთობლიობაში, რომ კომპანია TELIA სრულად არ ფლობს აქტივებს, არესებობს ვალდებულებები წილის მფლობელებთან გაფორმებული სხვადასხვა შეთანხმებებით, აქტივებთან და განვითარებულ ბაზრებთან შედარებით ნაკლებ პოტენციურ მყიდველებთან დაკავშირებული რეპუტაციული ხასიათის საკითხები.

პოტენციური გავლენა

ამ განვითარებად ბაზრებზე პოლიტიკური სიტუაცია შესაძლებელია შენარჩუნდეს ან გახდეს კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი, იმ ზომამდეც კი, რომ კომპანია TELIA იძულებული გახდეს გავიდეს ქვეყნიდან ან ამ ქყვეყანაში კონკრეტული ბიზნეს სეგმენტიდან. შესაძლებელია არსებობდეს მოულოდნელი ან არაპროგნოზირებადი სამართლებრივი დავები სამოქალაქო ან საგადასახადო საკანონმდებლო სფეროში. შეზღუდვებმა უცხოური ვალუტის გადაცვლის კუთხით ან ადმინისტრაციულმა ბარიერებმა შესაძლებელია არსებითად შეაფერხოს კომპანია TELIA თავის ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოიზიდოს ფულადი სახსრები, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს მის მიერ დივიდენდების მიღებაში და სესხის დაფარვაში ან მისი ინვესტიციების განკარგვაში. დამატებით რისკს წარმოადგენს უცხო ქვეყნის მფლობელობაზე პოტენციური შეზღუდვების დაწესება ან სხვა ფორმალური ან არაფორმალური შესაძლო პრეტენზიები უცხო ქვეყნის მფლობელობის წინააღმდეგ. ამგვარმა უარყოფითმა მოვლენებმა ან ადგილობრივი ეკონომიკის ან ვალუტის შესუსტებამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს კომპანია TELIA-ს საოპერაციო შედეგებზე. ამ ბაზართა ბუნებამ, რასაც ახასიათებს მნიშვნელოვანი გაურკვევლობები და სირთულეები, შესაძლებელია გავლენა მოახდინოს გაყიდვების პროცესზე როგორც შედეგების ასევე ვადების კუთხით.

Businesspartner