ბიზნესი
29/03/2021

ბექა ლილუაშვილი: საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან ბიზნესთან კომუნიკაცია მუდმივად არის

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილი დარწმუნებულია, რომ კერძო სექტორსა და სამთავრობო უწყებებს შორის კორონა ვირუსის მესამე ტალღის შესაძლო დადგომის შესახებ კომუნიკაცია არსებობს. თუმცა „ქართული ოცნების“ დეპუტატი აქვე აცხადებს, რომ თუ ასეთი კომუნიკაცია არ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არც მესამე ტალღის დადგომის საშიშროებაა.

„არსებობს შესაბამისი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. ის ამ პროცესს მართავს. მათ შორის, წყვეტს, როდის უნდა დაიწყოს საუბრები კერძო სექტორთან, რამდენად რეალურია მესამე ტალღის საშიშროება. როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით ეს საკითხი საქართველოსთვის რეალური და საფრთხის მომტანი არ არის. მე წინა გამოცდილებიდან მახსოვს, რომ როდესაც რისკები ჩნდებოდა, ჩვენ მაშინვე ვიწყებდით კონსულტაციებს. მზადდებოდა შესაბამისი ჯანდაცვის პროტოკოლებიც. როგორც ჩანს, დღეის მდგომარეობით ეს საფრთხე არ არის მატერიალური. მე სხვა ინფორმაცია მაქვს და ვიცი, რომ ასეთი სახის კომუნიკაცია მუდმივად არის. მათ შორის, როგორც ოპერატიული შტაბის, ასევე საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან. თუ ეს შეფასება მოდის კერძო სექტორიდან, შესაძლოა ეს იმდენად ინტენსიური არ არის, რომ ყველას ჰქონდეს ინფორმაცია. თუმცა ასეთი კომუნიკაცია ნამდვილად არსებობს“,- აცხადებს ლილუაშვილი.

დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ კერძო სექტორი უკვე ჩართულია ეკონომიკის განვითარების 10 წლიანი გეგმის შემუშავების პროცესში.

„ჩემი ინფორმაციით, ეს პროცესი დაწყებულია. მათ შორის, კონსულტაციების პროცესიც. რა თქმა უნდა, კერძო სექტორი ჩაერთვება ამ პროცესში, უბრალოდ რაღაც მონახაზი უნდა არსებობდეს, რომ შემდეგ ამ მონახაზთან მიმართებით ბიზნესისა და სხვა აქტორების ჩართულობას ჰქონდეს კონკრეტული დამატებული ღირებულების შექმნის შესაძლებლობა. მონახაზი უკვე არის, როგორც ვიცი, დაწყებულია მუშაობა. მეტ დეტალზე ინფორმაციას არ ვფლობ“,- აღნიშნა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, კერძო სექტორში აცხადებენ, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა. ამბობენ, რომ არ სურთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას მედიისგან იღებდნენ.