"ბებიას" ნაქსოვ ქუდებს ხელთათმანები და წინდები დაემატება
„ბებიას“ ნაქსოვი ქუდების შემდეგ გაყიდვაში ხელთათმანები და წინდები ჩაეშვება. კომპანიამ პანდემიის მიუხედავად ახალი პროდუქტების წარმოების გადაწყვეტილება მიიღო. დამფუძნებლის ვარაუდით, გაყიდვები დაგეგმილზე მცირე იქნება, თუმცა პენსიონერი დასაქმებულებისთვის კრიზისის პერიოდში თუნდაც მცირე შემოსავალი მნიშვნელოვანი იქნება.
„ბებიას“ პროდუქციას მიმდინარე სეზონზე 20-მდე მოხუცებული დაამზადებს.
„პანდემიამდე ვვარაუდობდით, რომ 2020 წლის ზამთრის სეზონზე 2000-მდე ქუდის გაყიდვას შევძლებდით. ახლა კი 500 ერთეულის გაყიდვას პერპექტივასაც დადებით პროგნოზად ვაფასებთ. მიუხედავად ამისა მცირე მასშტაბებით, მაგრამ როგორც ქუდებს ასევე ახალ პროდუქციას გაყიდვაში მაინც ჩავუშვებთ,“- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანიაში მთავარ პრობლემად სარეალიზაციო ბაზრების შეზღუდვას ასახელებენ. გიორგი ნოზაძის განმარტებით, მთავარი გაყიდვის არხები საკვირაო ბაზრობები იყო, რომელიც სავარაუდოდ წელს კორონავირუსის გამო არსებული შეზღუდვების გამო მცირე მასშტაბებით იქნება. გიორგი ნოზაძე განმარტავს, რომ ქუდის ონლაინ ყიდვას მყიდველები მისი მოხმარების სპეციფიკიდან გამომდინარე თავს არიდებენ.