ბიზნესი
21/12/2020

ბაზარზე "ჟუჟუნას" ნახევრად ცქრიალა ღვინოები მცირე მოცულობის ბოთლებში გამოჩნდება

პირველი ქართული ნახევრად ცქრიალა ღვინო „ჟუჟუნა“ წარმოების ახალ ფორმატზე გადადის და უახლოეს დღეებში მომხმარებელს პროდუქციას 250 მილიგრამიან ბოთლებში შესთავაზებს.

კომპანიამ პანდემიის პირველი ტალღისას გამოძახების სერვისის „ჟუჟუნა ბარის“ შექმნით და აქტიური ონლაინ კომუნიკაციით გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა. ამან, ერთი მხრივ, დამფუძნებლებს ფინანსების გენერირების საშუალება მისცა, მეორე მხრივ კი, დამატებითი სესხით და ლიზინგით ჩამოსასხმელი დანადგარის შეძენაც შეძლეს. პანდემიის მეორე ეტაპის შეზღუდვების და რეგულაციების საპასუხოდ „ჟუჟუნა“ სწორედ რითეილ სექტორის ათვისებას გეგმავს.

"იქედან გამომდინარე, რომ აღარც მასშტაბური ღონისძიებები იმართება, აღარც ივენთებია და ბარ-რესტორნებიც დაკეტილია, "ჟუჟუნას" ჩამოსასხმელი ღვინის გაყიდვებით ფონს ვერ გავიდოდით. სწორედ ამიტომ, ადაპტაციის გზების ძიებისას, გადავწყვიტეთ საცალო გაყიდვების სფერო აგვეთვისებინა და „ჟუჟუნა“ სავაჭრო ობიექტების დახლებზეც გამოჩნდება,“ - აცხადებს, „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში კომპანიის თანადამფუძნებელი ვასკა ჩუბინიძე.

კომპანია „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოვების ფინალისტია, როგორც ადაპტაციის ერთ-ერთი კარგი მაგალითი.