ბათუმში ბინების ფასი გაიზარდა, გაყიდვები კი წლიურად 17%-ით შემცირდა - Galt & Taggart
2023 წლის მე-3 კვარტალში ბათუმში 3,902 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 17.0%-იანი და კვარტალურად 1.1%-იანი კლებაა. ამასთან, კლება დაფიქსირდა როგორც პირველად (-16.5% წ/წ), ისე მეორად ბაზრებზე (-17.8% წ/წ)- ამის შესახებ Galt & Taggart-ის 2023 წლის მესამე კვარტლის მიმოხილვაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის მე-3 კვარტალში გაყიდვები შემცირდა ბათუმის თითქმის ყველა უბანში, ახალი ბულვარისა (+10.3% წ/წ) და გონიო-კვარიათის (+10.6% წ/წ) გარდა. ეს ასახავს უძრავი ქონების დეველოპმენტის გადასვლას ბათუმის გარეუბნებსა და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამასთან, ახალი ბულვარის ტერიტორია ლიდერობს მიმდინარე დეველოპერული პროექტების რაოდენობით.
ამჟამად, ბათუმში მიმდინარე 189 სამშენებლო პროექტიდან 75 (მთლიანის 39.7%) მდებარეობს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, რაც მომავალში გაზრდის ბინების რაოდენობას ამ უბანში.
2023 წლის მე-3 კვარტალში მცირე (26-50 მ2) და საშუალო ზომის (51-80 მ2) ბინების გაყიდვებმა მთლიანი გაყიდვების 90.5% შეადგინა.
ასევე, გრძელდება გაყიდვებში პრემიუმ სეგმენტის ბინების წილის ზრდა და ბიუჯეტური/საშუალო სეგმენტის ბინების წილის შემცირება. ეს ცვლილება ძირითადად იხსნება ფასების ზრდით. მაგალითად, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში მთლიანი გაყიდვების 34.9% დაფიქსირდა მაღალი (1,201-1,800 აშშ დოლარი) და პრემიუმ-კლასის (1,801-3,000 აშშ დოლარი) სეგმენტებში, როდესაც 2022 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 23.3% იყო.
2023 წლის მე-3 კვარტალში ბათუმში ბინების საშუალო ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა პირველად ბაზარზე (+19.1% წ/წ), რასაც მოსდევს მეორადი ბაზარი (+12.0% წ/წ ახალ და +8.5% წ/წ ძველ პროექტებში). ამასთან, წლიურად ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა გონიო-კვარიათში (+44.8% წ/წ).
"2023 წლის მე-3 კვარტალში ბათუმში სულ 245.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, ხოლო 2023 წლის 9 თვეში ბაზრის ზომამ 750.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (-6.9% წ/წ და +14.2% წ/წ, შესაბამისად). ჩვენი მოლოდინით, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 2023 წელს 1 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს,"-აღნიშნულია მიმოხილვაში.