ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მფლობელი Wondernet Express Investment Group-ი გაფართოებას გეგმავს
ბათუმის ახალი, მულტიმოდალური კარბამიდის ტერმინალი გაფართოებას გეგმავს. ტერინალის მფლობელი ლოგისტიკური კომპანია Wondernet Express Investment Group-ი აცხადებს, რომ ტერმინალში ახალი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. მიზანი მოცულობების გაზრდა და შუა დერეფანში ახალი მოთამაშეების შემოყვანაა.
„ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ, რომ ახალი ინვესტიცია განვახორციელოთ, გავზარდოთ მოცულობები და უფრო მეტი ტვირთის მომსახურება შევძლოთ. ასევე, განვიხილავთ, რომ სხვადასხვა მიმართულებით უფრო განვვითარდეთ და მთლიანად მორგებული ვიყოთ შუა კორიდორზე. გვინდა, რომ სხვა მსხვილი მოთამაშეებიც შემოვიყვანოთ ამ დერეფანში, თუმცა, წინაწარ ამაზე ვერ ვისაუბრებ“ - აცხადებს Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი „ბიზნესპარტნიორთან“.
რაც შეეხება ახალ ინვესტიციებს, მისივე თქმით, საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის დამატებითი ინვესტიციის მიზიდვაზე.
„ჩვენ უკვე 25 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განვახორციელეთ. ამას ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ არ არის ადვილი პირდაპირი ინვესტიციის მოზიდვა აშშ-დან. სამომავლოდ, სავარაუდოდ, ეს იქნება რამდენიმე ათეული მლნ დოლარის ივესტიცია - უახლოეს მომავალში ვაპირებთ ამის დაანონსებას. ჩვენ ვართ სასუქებზე ორიენტირებული კომპანია, მაგრამ იმდენად ვითარდება ყველაფერი, რომ არ გამოვრიცხავთ თუ ეს მისაღები იქნება ჩვენი პარტნიორებისთვის, სხვა სახის - თუნდაც კონტეინერებში ჩატვირთული სასუქები და სხვა ტვირთები მივიღოთ“ - აცხადებს მამუკა მურჯიკნელი.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური კარბამიდის ტერმინალმა გასული წელი სიმძლავრის 70%-ით დახურა. ამუშავებიდან წელიწადნახევარში ამ შედეგზე გასვლა დადებითად ფასდება.
„გასულ წელს ჩვენ გავედით 70%-იან სიმძლავრეზე, რაც საკმაოდ კარგია, იმიტომ, რომ წელიწადნახევარში მოხერხდა ამის გაკეთება და შევეცდებით, რომ წელს 100%-მდე ავიდეთ. წლის ბოლოს ეს უკვე გამოჩნდება. მხოლოდ ჩვენზეც არ არის დამოკიდებული - ბევრი მოთამაშეა ჩართული - საპორტო ინფრასტრუქტურა, საქართველოს რკინიგზა, აზერბაიჯანის პორტები და ამიტომ, ერთობლივად უნდა ვიმუშათ ამ მიმართულებით. ტერმინალი გამათულია, რომ წელიწადში 1.5 მლნ ტონას მოვემსახუროთ და გადავზიდოთ. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენთან ახალი მოთამაშე გაჩნდა ტერმილანში და ჩვენ ვემსაუხურებით ერთ-ერთი დიდი ამერიკული კომპანიის “შევრონის“ ტვირთს, რაც ყაზახეთიდან მოდის ჩვენი მიმართულებით. მოხარულები ვართ რომ ჩვენს პარტნიორებს - თურქმენითდან და უზბეკეთიდან მოაქვთ თავიანთი სასუქები და რომ ეს დერეფანი უფრო ამუშავდა, ახალი პერსპექტივები გაჩნდა“ - განმარტავს მამუკა მურჯიკნელი „ბიზნესპარტნიორთან“.