"ბაგანა" პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს
ბავშვის ჩასასმელის, ე.წ სლინგის მწარმოებელი კომპანია "ბაგანა" ასორტიმენტს აფართოებს.
კომპანიის დამფუძნებელი თინათინ გახოკიძე “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ 4 სახეობის ახალი პროდუქცია ბაზარზე ოქტომბრის ბოლოდან გამოვა, თუმცა, კონკრეტულად, რომელი პროდუქციის წარმოების დაწყება იგეგმება, კომპანიაში ჯერ არ ამბობენ.
„მთავარია, ჩვენი ხაზი იქნება დედების კომფორტზე მორგებული პროდუქტები. ნიშა იქნებიან დედები, იქნება ლაქტაციის გამარტივების და გადაადგილების გამარტივების მიზნით შექმნილი ინოვაციური პროდუქტები,“ - აცხადებს გახოკიძე.
გახოკიძის განცხადებით, „ბაგანას“ პროდუქცია ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე არსებულ რამდენიმე მაღაზიასა და ინტერნეტ პლატფორმების საშუალებით იყიდება. იგეგმება რეგიონებში გასვლაც, მათ შორის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ზუგდიდი მოლის“ ადმინისტრაციასთან.
რაც შეეხება ექსპორტს, დაგეგმილია არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბაზარზე გასვლა.
„საცალო გაყიდვები გვქონდა ევროპაში, დანიაში, ნორვეგიაში, ავსტრიაში, ლონდონში. მსხვილი შეკვეთა გვქონდა ბელორუსიასთან,“-აცხადებს გახოკიძე.
მისივე განცხადებით, „ბაგანას“ გაყიდვები ყოველწლიურად მზარდია.
პირველი ქართული "სლინგის" მწარმოებელი სტარტაპი „ბაგანა“ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანიის "სლინგები" რამდენიმე მაღაზიასა და ონლაინ პლატფორმრების მეშვეობით 89 ლარად იყიდება.
კომპანია ნედლეულის იმპორტს თურქეთიდან და პოლონეთიდან ახორციელებს.