BAG-ში ელექტროგენერაციის წამახალისებელი სქემები განიხილეს
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში წევრი კომპანიების, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა მსჯელობა ელექტროენერგიის ობიექტების მშენებლობის იმ წამახალისებელი გარემოს შექმნაზე, რომელიც აუცილებელია ამ ინდუსტრიაში ინვესტიციების მოზიდვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მინისტრის მოდგილე დავით თვალაბეიშვილი, ხოლო ფინანსთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ასოციაციის წევრი კომპანიებისა და ენერგეტიკულ ინდუსტრიაში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს ქონდათ შესაძლებლობა საკუთარი ხედვა წარმოედგინათ საქართველოს მთავრობის მიერ 2 ივლისს დამტკიცებული განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის (ჰიდროელექტროსადგურები) შესახებ.
აღნიშნულ დადგენილებასთან დაკავშირებით, კომპანიებმა გამოთქვეს წუხილი, რომ დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის წამახალისებელი ტარიფები ჰიდროელექტროსადგურების გარკვეული კატეგორიებისთვის არ იქნება საკმარისი პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად, ასევე, გამოითქვა სურვილი, რომ წახალისების სქემები გავრცელდეს 5 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურებზეც. საუბარი შეეხო ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობის საკითხებსაც, რადგან არსებული დადგენილება მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურებისგან შესასყიდი ელექტროენერგიის ტარიფებს არეგულირებს.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ ფისკალურ რისკებზე, რასაც ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულებები საზოგადოდ აჩენს და ხაზი გაუსვეს იმ აუცილებელი ოპტიმალური პირობების შექმნაზე, როცა, ერთის მხრივ, დაცულია მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება, ხოლო მეორეს მხრივ, არ იქმნება სახელმწიფო ბიუჯეტზე ჭარბი ვალდებულებების დაწოლის საფრთხე.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მუდმივად წარმოადგენს გარკვეულ ხიდს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის და, ამასთან, საუკეთესო პლატფორმაა მსგავსი დიალოგის გასამართად. დღევანდელ შეხვედრაზე დავრწმუნდით, რომ არსებობს განსხვავებული ხედვები და მოსაზრებები ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილ მხარეებს შორის, შესაბამისად, ვფიქრობ, აუცილებელი იქნება მსგავსი დიალოგის შემდგომი წარმართვა იმისთვის, რომ მოხდეს პოზიციების დაახლოება და ოპტიმალური გამოსავლის მოძიება,“ განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.