ბიზნესი
09/10/2020

BAG შემოსავლების სამსახურს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამარტივებულ ჩამოწერაზე მიმართავს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG), გარკვეული სახის დაზიანებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამარტივებული ჩამოწერის პროცედურის შემდეგი გაფართოვების აუცილებლობაზე საუბრობენ.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განგვიცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან. ამ კომუნიკაციის პირველი უაღრესად ნაყოფიერი შედეგი აღმოჩნდა სურსათის საცალო გაყიდვების სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის დანაკარგების დაუბეგრავი ზედა ჭერის 1%-ით განსაზღვრა. თუმცა სხვა ბიზნეს ოპერატორიბისთვის, რომლებიც, მაგალითად, სარემონტო-სამშენებლო მასალით ვაჭრობაში არიან ჩართულები, გარკვეული საქონლის რეალიზაციისას წარმოექმნებათ გადაულახავი პრობლემები, რაც ნეგატიურად აისახება მათ საოპარაციო ხარჯებზე. ამის ერთ-ერთი მაგალითია კერამიკული ფილებით ვაჭრობისას წარმოქმნილი პრობლემები. შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ თხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს, კანონმდებლობით განისაზღვროს დანაკლისის არა არსებითი ოდენობა დაზიანებული კერამოგრანიტისა და კერამიკული ფილების გამარტივებული წესით ჩამოსაწერად და ადმინისტრაციულ ორგანოს სთავაზობს განისაზღვროს ზემოაღნიშნული პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულების დაახლოებით 5%-ს ოდენობით.

როგორც ცნობილია, დაზიანებული კერამოგრანიტისა და კერამიკული ფილების ნაწილში კომპანიები დღეს არსებული რეგულაციის თანახმად, მიუხედავად ბუნებრივი დანაკარგისა, სრულად იბეგრებიან გადასახადებით, ვინაიდან კომპეტენტური საექსპერტო ბიუროს დასკვნის გარეშე ვერ ხერხდება დაზიანებული საქონლის სახეობის და რაოდენობის იდენტიფიცირება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლების მხრიდან, რაც დაკავშირებულია ადმინისტრირების გართულებასთან, კონკრეტულად კი ჩამოსაწერი პროდუქციის ფასთან შედარებით არაადეკვატურ, არაპროპორციულ ფინანსურ ხარჯთან და დამატებით დროით რესურსთან.

ბიზნეს ასოციაცია გამოდის ინიციატივით და მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომ აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა განხორციელდეს გამარტივებული წესით, რადგან კომპანიებს უწევთ არარეალიზებულ ან უკეთეს შემთხვევაში 95-98 %-იანი ფასდაკლებით რეალიზებულ საქონელზე გადასახადების გადახდა.

„მიგვაჩნია, რომ სამშენებლო-სარემონტო მასალებით მოვაჭრე კომპანიებისთვის საკმაოდ რთული და შრომატევადია, იმ პროცედურების გავლა, რომელსაც მათ კანონი ავალდებულებს ბუნებრივი დანაკარგის ჩამოწერის კუთხით, რადგან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული სამუშაოს ჩატარება ვერ ხორციელდება ოპერატიულად და არაპროპორციულად ხარჯიანია იმ ჩამოსაწერ საქონელთან შედარებით, რომელიც გასაყიდად უვარგისია. ვითვალისწინებთ რა, იმ პოზიტიურ გამოცდილებას, რაც მსგავს სიტუაციებში ადმინისტრაციულ ორგანოსთან გვქონია, კერძოდ, ვგულისხმობთ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასთან სურსათის ბუნებრივ დანაკარგებზე მიღწეული შეთანხმებას, მივმართავთ შემოსავლების სამსახურს, რათა აღნიშნულ შემთხვევაშიც ჩვეულ კოსტრუქციულ რეჟიმში წარვმართოთ დიალოგი, რომლის შედეგიც ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილება იქნებოდა“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, აღმასრულებელმა დიერქტორმა, ლევან ვეფხვაძემ.