ბიზნესი
26/10/2022

BAG-ის წევრთა რიგებს დეველოპერული კომპანია "ოდა" შეუერთდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს დეველოპერული კომპანია „ოდა“ შეუერთდა.

კომპანია „ოდა“ პანდემიურ 2020 წელს დეველოპერულ ბიზნესში შევიდა. კომპანიის დამფუძნებლების განცხადებით „თანამედროვე და გამოწვევებით სავსე მსოფლიოში საჭიროა, არ გეშინოდეს სიახლეების და მზად იყო თამამი გადაწყვეტილებების მისაღებად“.

აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე ჰოლდინგის ეკონომიკური საქმიანობა არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით არსებულ სერვისებს აერთიანებდა. ბიზნესის ოპერირებისას მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც ერთდროულად ფუნქციურიც იყო და შემოქმედებითიც, ჰოლდინგში შემავალი ახალი კომპანიის შექმნის იდეა წარმოშვა, რომელიც დღეს უკვე „ოდას“ სახელით არის ცნობილი.

„ოდა“ ჰოლდინგი ოპერირებს უძრავი ქონების სფეროში და მოიცავს მომდევნო მიმართულებებს, კერძოდ: სამშენებლო დეველოპმენტი, სრული არქიტექტურული მომსახურება, ინტერიერის დიზაინი, 3D ვიზუალიზაცია, უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით მომსახურება და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება კომპანია „ოდას“. ჰოლდინგი, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანების ყოველდღიურობის გაუმჯობესება იყო, დღეს უკვე ინდივიდუალურობასთან და ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან ასოცირდება, რაც ცალსახად მიუთითებს კომპანიის პროგრესსა და განვითარებაზე. მოხარულნი ვართ, რომ „ოდა“ ჰოლდინგი BAG-ის წევრთა რიგებს შემოუერთდა და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მეტად სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება“- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.