ბიზნესი
18/11/2022

BAG-ის წევრმა კომპანიებმა იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრთან მეწარმეთა ახალი კანონის ამოქმედებაზე პრაქტიკული საკითხები განიხილეს

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონიდან გამომდინარე ვალდებულებები და სამეწარმეო რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები გახლდათ საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და იუსტიციის სამინისტროს შეხვედრის მთავარი საკითხი, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და საჯარო რეესტრის დირექტორი დავით დევიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონით განსაზღვრული, როგორც საკანონმდებლო, ასევე პროგრამული ცვლილებები, მათ შორის ახალი, ერთიანი ელექტრონული პორტალი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს ავტორიზებული გვერდით და თავად მართოს საკუთარი მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ კომპანიებს წარმოეშვათ სარეგისტრაციო მონაცემების განახლების ვალდებულება, რომელიც 2024 წლამდე უნდა შეასრულონ და ამ საკითხს შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. შეხვედრაზე ასევე, განხილულ იყო კანონით გათვალისწინებული სიახლეები, მათ შორის კაპიტალის მოთხოვნა, კაპიტალის ვალუტა, მისი შემცირება და გაზრდა, კომპანიის საფირმო სახელწოდებასთან, ბიზნესის რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული და სხვა პრაქტიკული საკითხები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გრძელდება შეხვედრები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით. მოხარულნი ვართ, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა თავად არის ჩართული პროცესში, ვინაიდან ზემოხსენებული კანონი ბიზნეს ოპერატორებისთვის საკვანძო საკითხებს არეგულირებს და ვიმედოვნებთ, რომ ზემოხსენებული თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება, რადგან ბიზნესის და სახელმწიფოს კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვანია ჩვენის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და განვითარებისთვის“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.