ბიზნესი
11/11/2022

BAG-ის წევრებს შემოსავლების სამსახურმა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის განაშთვის ახალი წესი გააცნო

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის განაშთვის ახალი წესი და პროექტში შესული ცვლილებები.

ზემოხსენებული წესის თანახმად, დღეს კანონმდებლობით გათვალისწინებული დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციის ნაცვლად, შესაძლებელი ხდება მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/ავანსის გადახდის შემთხვევაში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაკავშირება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის საბოლოო ანგარიშ-ფაქტურასთან. პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია ასევე ანგარიშ-ფაქტურის მოქმედი ფორმის მცირედით შეცვლაც.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულმა საკითხმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებში. შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ბიზნესის 150-ზე მეტი წარმომადგენელი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

“დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და შემოსავლების სამსახურის ეფექტიანი თანამშრომლობის. წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც ეხება, როგორც კანონის ამოქმედების ვადებს ასევე ტექნიკურ ნაწილებს. ვფიქრობ, კოორდინირებული მუშაობა გაამარტივებს მთლიანად პროცესს, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ყველა მონაწილე მხარისათვის” - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.