BAG ინდექსი: ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი კვლავ სტაბილურად მაღალ ნიშნულზეა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2022 წლის მეოთხე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ბიზნეს კლიმატის ინდექსი 1.2 ქულით გაუმჯობესდა და 44.4 ქულას მიაღწია. აღნიშნულ მზარდ დინამიკას ოპტიმისტურ მოლოდინებთან ერთად, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის დადებითად შეფასება განაპირობებს.
კვლევის ფარგლებში, გამოკითხული კომპანიები ერთიანდება ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა ყველაზე დადებითად მშენებლობის სექტორმა შეაფასა. აღნიშნულს შესაძლოა, განაპირობებდეს მეოთხე კვარტალში გაზრდილი გაყიდვები და გაყიდვების ფასები, რაც სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 39%-მა და 54.5%-მა დააფიქსირა.
საგულისხმოა, რომ წინა კვარტალში დაფიქსირებული დადებითი შეფასებების და მკვეთრად გაუმჯობესებული მდგომარეობის მიუხედავად, მრეწველობის სექტორში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასების მაჩვენებელი მიმდინარე კვარტალში მცირედით გაუარესდა. შეიძლება ითქვას, რომ მრეწველობის სექტორი ერთადერთია ჩამოთვლილი სექტორებიდან, რომელსაც 2021 წლის IV კვარტლიდან მოყოლებული უჭირს სტაბილური მაჩვენებლის შენარჩუნება და კვარტლების მიხედვით საკმაოდ მერყეობს.
რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, 2022 წლის მეოთხე კვარტალში შეფასებები ყველა სექტორში დადებითია, თუმცა ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი მშენებლობის სექტორში ფიქსირდება. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 45.4 ქულით არის გაუმჯობესებული.
ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.