ბიზნესი
07/10/2022

BAG ინდექსი: 2022 წელს ბიზნესს პოზიტიური საინვესტიციო მოლოდინები აქვს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მესამე კვარტალში გამოკითხული 63% აცხადებს, რომ 2022 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2021 წელთან შედარებით გაიზრდება, 32% უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ვარაუდებს, ხოლო კლებას გამოკითხულთა მხოლოდ 5% პროგნოზირებს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ინვესტიციების გაზრდას ან უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ჯამურად ბიზნესის 95% გეგმავს.

საგულისხმოა, რომ 2022 წლის მესამე კვარტლის კვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის საინვესტივიო მოლოდინი, 2022 წლის პირველ კვარტალში არსებულ საინვესტიციო მოლოდინთან შედარებით გაუმჯობესებულია.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს ყველაზე ოპტიმისტური საინვესტიციო გეგმა ვაჭრობის სექტორს აქვს - გამოკითხული კომპანიების 76% ინვესტიციების ზრდას გეგმავს. მომსახურების სექტორში - 52%, მრეწველობაში - 57%, ხოლო მშენებლობაში - 73% პროგნოზირებს ინვესტიციების საერთო მოცულობის წლიურ ზრდას.

შეგახსენებთ, რომ ინვესტიციების კვლევა BAG ინდექსის ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას მიმოიხილავს. მიმდინარე კვლევა აჯამებს 2021 წელს განხორციელებულ ინვესტიციებს და მიმოიხილავს საინვესტიციო გეგმებს 2022 წლისთვის.

BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.