BAG-ი შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს მართავს
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) საქართველოს პარლამენტის მიერ შრომის კანონმდებლობაში ახლად განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით წევრი კომპანიების წარმომადგენლებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
შეხვედრების ფარგლებში ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა ნოდია და იურიდიული დირექტორი, ნიკოლოზ ნანუაშვილი, აღმასრულებელ გუნდთან ერთად, წევრი კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად აცნობენ შრომის კანონმდებლობაში ასახულ ცვლილებებს. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს, ისეთი საკითხები, როგორიცაა დისკრიმინაციის ახლებური მოწესრიგების წესი, სტაჟირებისთვის ნორმატიული ჩარჩოს შექმნა, სამუშაო დროის უფრო მკაცრი და დეტალიზებული რეგულირების საკითხი, ისევე როგორც აღსრულების მექანიზმი, მათ შორის - შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატი, დამსაქმებლის ინსპექტირებისა და სანქცირების წესი.
„შრომის კანონმდებლობაში ასახული ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა, როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოხდეს ჩვენი წევრი კომპანიების ადაპტირება აღნიშნულ ცვლილებთან და ჰარმონიული გადასვლა ახალ კანონმდებლობაზე. ამისათვის მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საინფორმაციო შეხვედრების გამართვა ჩვენს წევრ კომპანიებთან, რომელსაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ვახორციელებთ. ვიაზრებთ რა, რომ თუკი არ მოხდება წევრი კომპანიების დროული ინფორმირება, მათ მომდევნო წლიდან შესაძლოა ოპერირების დროს პრობლემები შეექმნეთ“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შრომის კანონმდებლობაში ასახულ ცვლილებებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები რამდენიმე ეტაპად, მიმდინარე თვის ბოლომდე გაიმართება.