BAG-ი საწვავის ხარისხის შეუსაბამობისათვის სანქციების გამკაცრებაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმება
BAG-ი საწვავის ხარისხის შეუსაბამობისათვის სანქციების გამკაცრებაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმება.
"უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ჩვენ საზოგადოებას არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოში საწვავის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე. ყველასათვის ცნობილია, რომ უხარისხო საწვავი მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემას და იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით მთელ რიგ მწვავე დავადებებს. აღნიშნულის ფონზე, მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების შეტანას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს იმპორტირებული, წარმოებული და რეალიზებადი საწვავის, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ხარისხის პარამეტრებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების მნიშვნელოვანი გამკაცრება. აქამდე არსებული ჯარიმები იყო სრულიად არაადეკვატური და ვერანაირად ვერ პასუხობდნენ, ამ მიმართულებით, ჩვენს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევა, რომელმაც, უმოკლეს ვადებში, უზრუნველყო ამ უაღრესად აქტუალური პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. აღსანიშნავია, რომ საჯარიმო სანქციების გამკაცრება ეხება როგორც ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტიორებსა და რეალიზატორებს, ისე ადგილობრივი წარმოების პროდუქციას.
გამოვთქვამთ იმედს, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების აღსრულება მოხდება მაქსიმალურად ეფექტურად, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და ქვეყნის ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გააგრძელებს ამ თემატიკის გარშემო სიტუაციის ანალიზსა და მონიტორინგს და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას", - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი.