ბიზნესი
20/03/2020

BAG-ი ფინანსთა სამინისტროს იმპორტის დღგ-ს გადახდის პროცედურების გადახედვას ურჩევს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორი ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს რთული ვითარების გათვალისწინებით გადაიხედოს იმპორტის დღგ-ს გადახდის პროცედურებს.

როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, იმპორტიორების პრობლემა იყოფა ორ ჯგუფად, კერძოდ, პირველ ჯგუფში შედიან სურსათისა და პირველადი მოხმარების საგენბის იმპორტიორები, რომელთაც დიდი დაწოლა აქვთ გაზრდილი მოხმარების გამო, ხოლო მეორე ჯგუფში შედიან ის იმპორტიორები, რომელთა სავაჭრო ობიექტები მთავრობის გადაწყვეტილებით დროებით დაიხურა, მათი პროდუქტი გზაშია საქართველოსკენ, ახლო მომავალში კი მოუწევთ იმპორტის პროცედურების გავლა

რაც შეეხება სურსათის იმპორტიორებს, ლევან ვფხვაძის აზრით, შექმნილი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და პირველადი მოხმარების პროდუქტის (სურსათის) მიწოდების ჯაჭვის ხელშესაწყობად, საჭიროა სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები, რაც გულისხმობს ზემოთ მითითებული პროდუქტის იმპორტისას დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდის ვადის გახანგრძლივებას, ნაცვლად არსებული ხუთისა, ორმოცდახუთ დღემდე, როგორც ეს, მაგალითად, გათვალისწინებულია ხორბლის იმპორტისას.

„ამ გზით, სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები და საგადასახადო შეღავათების დაწესების გარეშე, სტაბილური, დაბალანსებული საბრუნავი ფინანსური საშუალებებით უზრუნველყოს პირველადი მოხმარების პროდუქტის იმპორტიორები, რაც ასევე ხელს შეუწყობს კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული ზიანის შემცირებას და ფასების მერყეობისაგან დაგვაზღვევს“ – აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორი.

ასევე, ლევან ვეფხვაძე ყურადრებას ამახვილებს იმ სავაჭრო ქსელების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რომელთა სავაჭრო ობიექტები მთავრობის გადაწყვეტილებით დროებით დაიხურა, მათი პროდუქტი კი გზაშია საქართველოსკენ და მოუწევთ საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. ამ შემთხვევაშიც, როგორც ასოციაციაში ფიქრობენ, საჭირო შეიძლება გახდეს იმპორტის დღგ-ს გადავადების მექანიზმზე ფიქრი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კომპანიებისათვის დამატებითი საგადასახადო ტვირთის დაკისრება.

Businesspartner