BAG: 5 თვეში RS-მა აღურიცხავი საწვავის შემოტანის 300 ფაქტი გამოავლინა, ჯარიმა ₾400 000-ია
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) ეხმაურება შემოსავლების სამსახურის მიერ ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს.
ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში, სახელმწიფოსა და ბიზნესის კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად, ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტისა და დისტრიბუციის სექტორთან დაკავშირებულ რიგ საკანონმდებლო აქტებში შევიდა ცვლილებები, რომელთაც პოზიტიური გავლენა იქონიეს როგორც ინდუსტრიაზე, ასევე ამ სექტორიდან სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებული თანხების დინამიკაზე.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო 5 თვის მანძილზე, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოვლინდა და აღიკვეთა ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის 300-მდე ფაქტი, ხოლო კანონდამრღვევებზე ფულადი სანქციის სახით დარიცხულმა თანხამ შეადგინა თითქმის 400 000 ლარი.
ამასთან, ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტისა და დისტრიბუციის სექტორში კვლავ რჩება მთელი რიგი პრობლემები, რომელთა აღმოფხვრა მოითხოვს, როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ კანონის სრულფასოვნად აღსრულებას, ასევე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს.
შედეგად, ჩვენ უნდა შევძლოთ მივიღოთ კონკურენტული და სამართლიანი ბიზნესგარემო, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და განვითარების ქვაკუთხედია.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კვლავ აგრძელებს ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტისა და დისტრიბუციის ინდუსტრიაში დაგროვილი პრობლემების ანალიზსა და მონიტორინგს და მათ პერიოდულ წარდგენას ხელისუფლების სხვადახვა შტოებისადმი", - განმარტავენ ასოციაციაში.