ბიზნესი
10/11/2020

"ბადაგი" საახალწლოდ პროდუქციას შემცირებული რაოდენობით გამოუშვებს

ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „ბადაგი“ ახალი წლისთვის პროდუქციას შემცირებული რაოდენობით გამოუშვებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ვახტანგ ყაჯრიშვილმა განუცხადა, ეს გადაწყვეტილება კომპანიის მენეჯმენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც კორონაპანდემიის გამო გაყიდვები შემცირდა.

„ბადაგი“ წელიწადში საშუალოდ 11 000 კგ ჩირს და ტყლაპს აწარმოებდა.

კომპანიამ სიღნაღის რაიონის სოფელ წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა, სადაც 4 დასახელების ტყლაპს  და ერთი დასახელების ჩირს აწარმოებს. მანამდე კომპანია მხოლოდ ჩურჩხელის წარმოებაზე იყო ორიენტირებული. წნორის ქარხანაში 877 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

როგროც ყაჯრიშვილი აცხადებს, კომპანია ტკბილეულს ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის აწარმოებს, თუმცა სამომავლოდ დაგეგმილია მისი ექსპორტზე გატანაც. ამ დროისთვის კომპანია ისეთ შეფუთვაზე მუშაობს, რომელიც საექსპორტო მიმართულებისთვის მნიშვნელოვანია.

ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „ბადაგი" 8  წელია ბაზარზეა წარმოდგენილი. კომპანიას ამჟამად 6 მაღაზია აქვს, აქედან ერთი ბათუმში. „ბადაგის“ წარმოებული ტკბილეული იყიდება სხვადასხვა მსხვილ სავაჭრო ქსელში, მათ შორის, "კარფურში", "გუდვილში", "აგროჰაბში".

Businesspartner