ბიზნესი
01/02/2021

ავტობუსებისა და მეტროს განახლებაში EBRD-ის ჩართულობა მნიშვნელოვანია - კალაძე რენო-ბასოს

კახა კალაძემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, ოდილ რენო-ბასოსთან ონლაინ შეხვედრაზე საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თბილისის მერმა განაცხადა, რომ EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებში კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, განსაკუთრებით კი გამოყო სატრანსპორტო პოლიტიკა.

"რეფორმის განხორციელება 3 წლის წინ დავიწყეთ. ავტობუსების პარკი იყო ცუდ მდგომარეობაში, ყველანაირი რესურსი ჰქონდა ამოწურული. EBRD-ის ჩართულობა პარკის განახლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია და წლის ბოლოსთვის პარკი მთლიანად იქნება განახლებული. ასევე მნიშვნელოვანია მეტროს მოდერნიზება-განახლება. როგორც არსებული მეტროსადგურების რეაბილიტაცია, ასევე მეტროს ვაგონების განახლების პროექტი. აქაც თბილისის მუნიციპალიტეტი თანამშრომლობს EBRD-თან და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, ასევე მნიშვნელოვანია EBRD-ის ჩართულობა ნარჩენების მართვის მიმართულების მოწესრიგების პროცესში. სტრატეგია შემუშავების პროცესშია და გამოცდილი ექსპერტების დახმარებით, მალე თბილისს საუკეთესო პროექტი და გეგმა ექნება.

„ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკა ნარჩენების მართვის თვალსაზრისით და თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შესაძლებელი იქნება კონკრეტული პროექტის განხორციელება. არსებული ვითარება და მდგომარეობა, მიდგომები და დამოკიდებულება, რაც იყო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ეს არის გუშინდელი დღე, ეს არის წარსული. ჩვენ არ გვაქვს ნარჩენების მართვის გამოცდილება, თუმცა თქვენი ექსპერტების ჩართულობითა და დახმარებით, საუკეთესო პროექტს დავდებთ, გეგმა შემუშავდება თუ როგორ უნდა მოხდეს პროექტის განხორციელება“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

მერმა აღნშნა, რომ დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, და ამ მიმართულებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ოდილ რენო ბასოს ესაუბრა.