ბიზნესი
19/11/2020

"ავიაკომპანიები და ტუროპერატორები ძლივს ფუნქციონირებენ, სახელმწიფო მათ უნდა დაეხმაროს"

Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი, იგორ აფციაური მთავრობას ავიაკომპანიებისა და ტუროპერატორებისთვის მეტი ფინანსური დახმარების გამოყოფისკენ მოუწოდებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ აფციაური განმარტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიები, რომლებიც ამ სექტორებში ოპერირებენ, დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.

„სამწუხაროდ, ქართულ ავიაკომპანიებს და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნები ეროვნულ ავიაკომპანიებს, ფაქტობრივად, არ დახმარებიან. სახელმწიფო უნდა შეეცადოს, რომ დაეხმაროს ავიაკომპანიებს, ტურისტულ სააგენტოებს იმიტომ, რომ ყველაზე ძალიან თავის თავზე სწორედ მათ აიღეს ეს დარტყმა. რაც უფრო მეტი დრო გადის და როგორც ჩანს, ეს კრიზისი გრძელვადიანი იქნება, ისინი ამას ვერ გაუძლებენ. ფაქტობრივად, მხოლოდ "უზბეკეთის ავიახაზებმა" მიიღეს სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება. თუ არ ვცდები, ერთი შემთხვევა ყაზახეთშიც იყო, მაგრამ ცენტრალური აზიის რეგიონის, CAREC-ის წევრ ქვეყნებში სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რომ სახელმწიფო დაეხმარა ასეთ კომპანიებს. ისინი კრიტიკულ მდგომარეობაში არიან. ეს თუ რამდენიმე თვე გაგრძელდა, დიდი ალბათობით, გაჩერებაც მოუწევთ. როდესაც ავიაკომპანია ჩერდება ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე მოთამაშეების რაოდენობა მცირდება. როდესაც რომელიმე მარშრუტზე მხოლოდ ერთი გადამყვანია, მით უმეტეს, უცხოეური, ეს კიდევ უფრო ზრდის ფასს. სწორედ ეს ხდება ახლა საქართველოს ავიაბაზარზე. ავიაკომპანიები ბილეთების სასწაულ ფასებს გვთავაზობენ. ეს ცუდია. ასე რომ შეძლებისდაგვარად, პირველ რიგში, სახელმწიფო ავიაკომპანიებს და ტუროპერატორებს უნდა დაეხმაროს, რომლებიც ძლივს ფუნქციონირებენ. წლის დასაწყისში გარკვეული დანაზოგები ჰქონდათ და ამ დრომდე სწორედ ამით გაჰქონდათ თავი. ჩვენ კიდევ ვერ ვგეძნობვთ ამ ფინანსური კრიზისის სიდიდეს. სამწუხაროდ, მას ყველა უფრო კარგად იგრძნობს ამ წლის ბოლოს და იანვარში და იქნება სრული კატასტროფა“,- განაცხადა აფციაურმა.