ბიზნესი
12/10/2022

ავიაინდუსტრიის აღდგენა და ფრენების უსაფრთხოება - თამარ არჩუაძემ ICAO-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

მონრეალში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) რიგით 41-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა. ღონისძიებაში ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ მიიღო.

პლენარულ სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა კოვიდ პანდემიის შემდეგ ავიაციის ინდუსტრიის აღდგენის ტემპებსა და ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე. ასევე, ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ICAO ეფექტიან ზომებს მიიღებს ორგანიზაციის იმ წევრების მიმართ, ვინც ჩიკაგოს კონვენციას არღვევს.

"წელს, საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების კუთხით ჯამურად ყველა აეროპორტში 95 %-იანი აღდგენა გვაქვს. სტატისტიკა ნამდვილად შთამბეჭდავია, ამავე დროს ჩვენთვის ფრენებისა და საავიაციო უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტად რჩება. ამ მიმართულებით კი საქართველოს ბოლო წლებში ნამდვილად აქვს პროგრესი და ეს ICAO-ს წინა ასამბლეაზე მინიჭებული ორი სერტიფიკატითაც დადასტურდა. 2022 წელს, საქართველომ მიიღო საავიაციო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, რომელიც მომავალ სამ წელზეა გათვლილი და შესაბამისობაში მოდის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ პარტნიორის გეგმასთან," - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ICAO-ს გენერალური ასამბლეა სამ წელიწადში ერთხელ იკრიბება და მას ორგანიზაციის საბჭო იწვევს. კოვიდ პანდემიის შემდებ ასამბელა წელს პირველად შეიკრიბა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს წევრად ხელახალ არჩევნებზე არ აურჩევიათ.