ბიზნესი
15/06/2020

ავიაბაზარზე ახალი სატვირთო ავიაკომპანია EASY Charter იწყებს ოპერირებას

ქართულ საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი სატვირთო ავიაკომპანია EASY Charter იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიაზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა უკვე გასცა.

ავიაკომპანიას უფლება ეძლევა განახორციელოს 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის კომერციული ექსპლუატაცია. ამ ეტაპზე EASY Charter-ის საკუთრებაში ერთი Airbus A300B4-203 საჰაერო ხომალდია.

ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო პერსონალით არის დაკომპლექტებული. ავიაკომპანია განახორციელებს ჩარტერულ სატვირთო ავიაგადაზიდვებს.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მსოფლიოში სატვირთო ავიარეისებზე მოთხოვნა გაიზარდა. სამედიცინო და ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთის დროული და შეუფერხებელი ტრანსპორტირების მიზნით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) მოუწოდებს სახელმწიფოებს, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ კარგო გადაზიდვებს. აღსანიშნავია რომ აღნიშნული ტიპის ოპერირებაში აქტიურად არის ჩართული ქართული სატვირთო ავიაკომპანია „Geo Sky”.

Businesspartner