ავერსი-რაციონალმა GMP-ის ნაციონალური სერთიფიკატი ვადაზე ადრე მოიპოვა
ფარმაცევტული კომპანიებს 2022 წლის 1-ელი იანვრიდან GMP სტანდარტების დანერგვის ვალდებულება ეკისრებათ.
„ავერსი რაციონალი“ პირველი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც GMP -ის ნაციონალური სერთიფიკატი მიიღო და შემოწმება ნებაყოფლობით, ვადაზე ადრე გაიარა. ამით წარმოების ხარისხიც და სანდოობაც კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„2005 წლიდან ჩვენი თხოვნა იყო სახელმწიფოსადმი, რომ დანერგილიყო ნაციონალური GMP (კარგი წარმოების პრაქტიკა) სტანდარტი, რადგან მეზობელ ქვეყნებში ეს პრაქტიკა 2004 წელს უკვე დაიწყეს. ევროპულ GMP-ის და ISO-ს სერთიფიკტებს "ავერსი რაციონალი" უკვე წლებია, ფლობს, თუმცა ადგილობრივ სერთიფიცირებას ბევრი მიმართულებით ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება,“ - საუბრობს „ბიზნესპარტნიორთან“ „ავერსი ფარმას“ გენერალური დირექტორი მალხაზ კურტანიძე.
ნაციონალური GMP-ის დანერგვა არა მხოლოდ კომპანიისთვის, ქვეყნისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს პრაქტიკა მომგებიანი იქნება ქვეყნის ბიუჯეტისთვისაც საექსპორტო ხაზით, ასევე, სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობაც და მედიკამენების უწყვეტობაც უფრო მეტად იქნება გარანტირებული.
ექსპორტის შემთხვევაში არ ითვლება სანდოდ იმ კომპანიის ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის მწარმოებელ ქვეყანაშიც GMP სტანდარტი არ არის სავალდებულო. ჩვენ წელიწადნახევრით ადრე მოვითხოვეთ ინსპექტირება და როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა სტანდარტი ზედმიწევნით დავაკმაყოფილეთ,“ - აცხადებს მალხაზ კურტანიძე.
როგორც კომპანიაში ამბობენ, ნაციონალური GMP არ არის ბიუროკრატიული სისტემა, რომელსაც სახელმწიფო იძულებით ამკვიდრებს, არამედ მსოფლიო გამოცდილებაა და გზამკვლევი- ფარმაცევტული კომპანიებისთვის, რომელიც ადგილობრივ წარმოებას უფრო მეტად დაახლოვებს საერთაშორისო ხარისხთან.