"ავეჯის კლასტერმა" კრიზისი დაძლია
„უკვე დავეწიეთ იმ წარმადობას რაც კორონავირუსამდე პერიოდში გვქონდა“, – ავეჯის კლასტერმა კრიზისის დაძლევა შეძლო. გაერთიანების ინფორმაციით, საწარმოები სრული დატვირთვით მუშაობს და გაყიდვებიც პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებს დაუბრუნდა.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ შემუშავებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ იმუშავა და საბოლოოდ შედეგები პოზიტიურია.
„კრიზისის შემდეგ გავხსენით შოურუმები და ამან გარკვეული როლი ითამაშა გაყიდვების დასტაბილურებაში. დაგვეხმარა ანტიკრიზისული პაკეტებიც. საგადასახადო შეღავათებმა ბანკებიდან დამატებითი სესხების აღების შესაძლებლობა მოგვცა, რომელიც კრიზისის დასაძლევად გამოვიყენეთ. იმედია, აღარ მოგვიწევს კარანტინი და ჩაკეტვა, თუმცა ამისთვისაც მზად ვართ,“ -ბესიკ ვერძეული
კლასტერის ცნობით, აქტიურად გრძელდება მოლაპარაკებები ბალტიისპირეთის ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით. ქართული ავეჯის შეძენით დაინტერესებულია იტალიაც. თუმცა ავეჯის კლასტერში განმარტავენ, რომ ბაზარზე შემოსული უხარისხო ნედლეული ექსპორტირების პროცესის დაჩქარების შესაძლებლობას არ იძლევა.
„ანალოგიურ ასოციაციებთან, კლასტერებთან გვაქვს კომუნიკაცია. ამ შემთხვევაში გამოფენები და პირდაპირი კავშირი ვერ ხერხდება, თუმცა ვიდეოკონფერენციები და ონლაინ შეხვედრები იმართება. მთავარი სირთულე რასაც ვაწყდებით არის ნედლეულის ხარიხია. თუ ამ ნაწილში გარკვეული გაუმჯობესება არ მოხდა შედეგის მიღწევა გაჭირდება. ამიტომ გავააქტიურეთ მუშაობა ნედლეულის დამზადებაზეც. ეს აქამდე საქართველოში არ ხდებოდა თუ არ ჩავთვლით მცირე კომპანიებს, რომელიც ძალიან ცოტაა. გვსურს, წიფელას ნედლეულისგან შევქმნათ სპეციალური დაფები, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და ქართულ ავეჯს გაცილებით დიდ მასშტაბებზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს,“ - ამბობს ბესიკ ვერძეული.
პირველი ქართული წიფელას დაფების პრეზენტაცია დაახლოებით 6 თვეში გაიმართება. ამ ეტაპზე ავეჯის მწარმოებლები სპეც დანადგარების შეძენის ეტაპზე არიან. ავეჯის კლასტერის ინფორმაციით, კორონავითარების სტაბილურობის შემთხვევაში იგეგმება ავეჯის გამოფენის მოწყობა, სადაც გაერთიანება წიფელას დაფებს წარადგენს.
ვერძეული ამბობს, რომ ევროპის ბაზარი გაჯერებულია ავეჯით, თუმცა არის მცირე სივრცეები, სადაც ქართულ ავეჯს შესვლის პერსპექტივა აქვს. ის მიიჩნევს, რომ ეს მცირე სივრცეები ქართველი მეწარმეებისთვის დიდი შესაძლებლობაა და ქართველმა მწარმოებლებმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ.
კიდევ ერთი პრობლემა ავეჯის მწარმოებლებისთვის პროფესიონალი კადრების დეფიციტია. კლასტერის ინფორმაციით, პროფესიული განათლების მოდელი სტუდენტებისთვის საჭირო განათლების მიცემას ვერ უზრუნველყოფს და ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებების გატარებაა საჭირო. გაერთიანების დამფუძნებლი განმარტებით, კურსდამთავრებულებს დამოუკიდებლად მუშაობამდე დამატებით რამდენიმეთვიანი გადამზადება უწევთ.
ქართული ავეჯის კლასტერი ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის “მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარება და DCFTA საქართველოში” ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს.