ბიზნესი
02/09/2021

აუტოპია: ავტონაწილების ბაზარზე პროგრესი გვაქვს

ავტონაწილების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია "აუტოპია" ბაზარზე მდგომარეობის ეტაპობრივ დასტაბილურებაზე საუბრობს, თუმცა მონაცემების მიხედვით გაყიდვები პანდემიამდელ ნიშნულს ჯერ კიდევ ჩამორჩება.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" "აუტოპიას" დამფუძნებელი ირაკლი არჩვაძე განმარტავს, თუ ზრდის არსებული ტემპი შენარჩუნდა, დაახლოებით 1 წელში ბაზარი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდება. 

„ისევე როგორც ყველა სფეროში, ჩვენს სფეროსიც, პანდემიის საწყისი ეტაპი ყველაზე რთული იყო. დაახლოებით 30%-მდე დაეცა გაყიდვები, რაც განაპირობა ავტოიმპორტის კლებამ (ჩაკეტილმა საზღვრებმა) და ზოგადმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილება იყო, რომ კრიზისი რიგით თანამშრომლებზე არ უნდა ასახულიყო, ამიტომ 1 წელი "აუტოპიამ" ფაქტობრივად წაგებაზე იმუშავა. ბოლო თვეებში პროგრესი გვაქვს, ეკონომიკა შედარებით ამუშავდა და ეს ჩენს სფეროზეც აისახა. მოთხოვნა დღითიდღე იზრდება და ეს ტემპი თუ შენარჩუნდა, დაახლოებით 1 წელში შესაძლოა პანდემიამდელ ნიშნულსაც დავუბრუნდეთ.

მოთხოვნა ძირითადად არის საშუალო კლასის და ბიუჯეტური ავტომობილების ნაწილებზე. საქართველოში იმპორტირებული მეორადი მანქანების 99% დაზიანებულია და აღდგენას საჭიროებს. სწორედ ამ სეგმენტში გამოიყენება ჩვენი ნაწილები აქტიურად. ამ დროისთვის საწყობში დაახლოებით 10 000 სახეობის ავტონაწილი გვაქვს, მათი უმრავლესობა ყველა მათგანი ლიცენზირებული მწარმოებლებისგანაა (ეგრეთწოდებული OEM,OES), რომლებიც უმსხვილეს საავტომობილო ბრენდებთან თანამშრომლობენ და ორიგინალ ნაწილებსაც ამზადებენ.

სამწუხაროდ ფასების კორექტირებას ვერ გავექეცით, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ სხვა სფეროსთან ან პროდუქტისგან განსხვავებით ჩვენი პროდუქცია მინიმალურად გაძვირდა, რაც გამოიწვია ტრანსპორტირების ფასების თითქმის 500%-ით მატებამ. წარმოიდგინეთ, პანდემიამდე ერთი კონტეინერის ტრანსპორტირება თუ 3 000 დოლარი გვიჯდებოდა, დღეს ვცდილობთ, რომ რომელიმე გადამზიდი თუნდაც 15 000 დოლარზე დავითანხმოთ.

"აუტოპიამ" გაითვალისწინა პანდემიის შედეგად დამდგარი ახალი რეალობის საჭიროებები, რაც ყველა ტიპის სამუშაოს მაქსიმალურ დისტანცირებას გულისხმობს და გახსნა საკუთარი სერვის ცენტრი. ასევე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ავტოიმპორტიორ კომპანიასთან. ერთი სიტყვით უზრუნველვყოფთ, რომ ადამიანმა ავტომობილის ჩამოყვანიდან, გაკეთებამდე და გამართვამდე მთელი პროცესი მაქსიმალურად უზრუნველად გაიაროს ჩვენი კომპანიის დახმარებით და მიიღოს უსასრულო გარანტია ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოებზე,“- განაცხადა ირაკლი არჩვაძემ.

"აუტოპიას" თანამშრომელთა 60% ამ დროისთვის აცრილია. ირაკლი არჩვაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ კომპანიაში დასაქმებულთა ნაწილი კი აცრის რიგს ელოდება. 

„ყველას მოვუწოდებთ აიცრან და თანამშრომლებს აცრისთვის ნებისმიერ დროს ვაძლევთ სამუშაო საათებიდან გათავისუფლების შესაძლებლობას. ამ დროისთვის თანამშრომლების 60%-ია აცრილი, 20%-ს კი ვირუსი გადატანილი აქვს და ასაცრელად შესაბამისი ვადის გასვლას ელოდებიან,“ - განმარტავს "აუტოპიას" დამფუძნებელი.

Businesspartner