ბიზნესი
16/11/2020

“აუგუსტი” ბაზარზე ნატურალურ წვენებსაც გამოიტანს

ევროპული ხარისხის პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი საქართველოში “აუგუსტის” ქსელი, რომელიც ჯემებსა და შოკოლადებს აწარმოებს, ასევე ბულანჟერიის 3 ფილიალს აერთიანებს, მომხმარებელს ნატურალური ხილის წვენებსაც შესთავაზებს.

"აუგუსტის" კუთვნილი რობოქბოს ინოვაციური დანადგარი ხილს ვაკუუმ ტექნოლოგიით, უჟანგბადო გარემოში ამუშავებს. საწარმოში განმარტავენ, რომ ამ გზით ნედლეულის გემოვნური და სასარგებლო თვისებები მაქსიმალურად ნარჩუნდება.

ახალი პროდუქტი თავდაპირველად ბულანჟერიის ფილიალებში გაიყიდება, მოგვიანებით კი ჰიპერმარკეტების დახლებზეც განთავსდება.

როგორც "აუგუსტის" თანადამფუძნებელი ქრისტინე მორჩილაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, ხილის წვენების დამუშავება ლაბორატორიულად უკვე თითქმის დასრულებულია, შემოწმებულია ნატურალურობასა და შემადგენლობაზე. 

მისივე თქმით, წვენები 9 სხვადასხვა მოცულობაში იქნება წარმოდგენილი, პირველ ეტაპზე კი იქნება 250 მგ-იან ბოთლებში.

მრავალფეროვანი იქნება სახეობებიც. ტრადიციულ წვენებს, რომელიც საქართველოს ბაზარზე მოთხოვნადია (ალუბალი, ვაშლი, ბროწეული და სხვა) კომპანიამ დაამატა საფერავისა და რქაწითელის წვენებიც, რაც როგორც კომპანიაში ამბობენ, უნიკალური გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.