ბიზნესი
27/08/2020

აწარმოე საქართველოში ცვლილებები შედის - რა შეღავათებით ისარგებლებს ბიზნესი

COVID-19-ის გავრცელებით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში ცვლილებები შედის.

სააგენტოს ცნობით, ცვლილებები სასტუმრო ინდუსტრიისა და ტურიზმის სექტორის განვითარებაზეა ორიენტირებული. „აწარმოე საქართველოში“ 12 ახალი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის ფუნქციაც დაემატა.

„ცვლილებების შედეგად, იზრდება ხელშეწყობის მექანიზმების და თანადაფინანსების საქმიანობები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას“, აცხადებს სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.

სასტუმრო ინდუსტრია: მიწის იჯარით, ქირით, ან აღნაგობის უფლებით აღება

ცვლილების შესაბამისად სასტუმრო ინდუსტრიაში სესხის აღების აუცილებელი პირობა აღარ იქნება მიწის ნაკვეთის მეწარმე სუბიექტის საკუთრებაში არსებობის ფაქტი. პროგრამით დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს ექნება შესაძლებლობა სასტუმრო ააშენოს მის დროებით სარგებლობაში არსებულ ფართზეც. იგივე პირობები ვრცელდება შეეხება ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიაზეც.

სასტუმრო ინდუსტრიაში მიწის იჯარით,ქირით, ან აღნაგობის უფლებით აღებასთან დაკავშირებული სიახლე პროგრამაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც არ ფლობენ საკუთრებაში სასტუმროსთვის საჭირო უძრავ ქონებას, თუმცა აქვთ შესაძლებლობა გამქირავებლის, მეიჯარისა თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის სასყიდლის გადახდით ან მის გარეშე მოიპოვონ უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება.

ტურისტული სექტორი: ლოკაციური შეზღუდვის მოხსნა

დადგენილების მოქმედი რედაქციით, „აწარმოე საქართველოში“ ტურისტული სერვისების ინდუსტრიის განვითარების კუთხით ქვეყნის მასშტაბით 14 ლოკაციაზე ეხმარებოდა ბიზნესებს. წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად კი ეს შეზღუდვა იხსნება და სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიწყებს აღნიშნულ სექტორთან თანამშრომლობას.

ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ მომართვიანობაზე დაყრდნობით, საჭირო გახდა ლოკაციების შეზღუდვის მოხსნა არა მარტო სასტუმროსთვის, ასევე მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ტურისტული სერვისების ინდუსტრიისთვისაც.

დღეიდან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მეწარმე სუბიექტები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შეძლებენ ისეთი საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი ობიექტების მოწყობას, როგორებიცაა თემატური პარკები, ეთნო/ეთნოგრაფიული პარკები, ე.წ. ვეიკ პარკები (Wake park) და სათავგადასავლო ტურიზმის სხვადასხვა ატრაქციები.

12 ახალი ეკონომიკური საქმიანობა

არსებული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად საჭიროა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი დაძლევის მექანიზმების განხორციელება. 2014 წლიდან, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ 12 000-მდე ბენეფიციარს დაუჭირა მხარი ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში.

დღეიდან კი სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებების სიას დაემატება 12 ახალი ეკონომიკური საქმიანობა. მათ შორის არის კომპიუტერული თამაშების გამოცემა, საავადმყოფოების საქმიანობები, სპეციალიზებული სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები, ბავშვთა დღიური მოვლის საქმიანობები, რეზიდენტული საექთნო მოვლა, სოციალური მომსახურების საქმიანობები საცხოვრებლით უზრუნველყოფის გარეშე ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და კინოფილმების საწარმოებელი მოწყობილობების შეძენა იჯარით/ლიზინგით გაცემის მიზნით.