Atelie Soma სპორტული ხაზის შექმნას და საბავშვო სამოსის წარმოებას იწყებს
გორში არსებული Atelie Soma სულ ერთი თვეა გაფართოვდა და უკვე ახალი წლიდან ჩვილი ბავშვის სამოსის, ასევე ქალისა და მამაკაცის სპორტული ხაზის წარმოებას იწყებს.
ამასთან, პანდემიის დასრულებისთანავე, კომპანია პროდუქციის საერთაშორისო პლატფორმებზე განთავსებასა და საბავშვო ხაზის ექსპორტზე გატანას გეგმავს. როგორც ატელიეს დამფუძნებელი სოფიო ტუაევი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, ახალ კოლექციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
“მიუხედავად პანდემიის თანმდევი სირთულეებისა, ახალ მიმართულებებზე ვმუშაობთ, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იქნება, იმასთან შედარებით, რაც ადგილობრივ ბაზარზე, სხვადასხვა ატელიეში იქმნება. ჩვენი სამკერვალო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და შეუძლია ნებისმიერი სირთულის შეკვეთის შესრულება, როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული მიმართულებით. ამჟამად, არაერთ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და მათთვის ვქმნით სამოსს, რომელიც გამოირჩევა პროფესიულ დონეზე დამუშავებით და ფერების დიდი არჩევნით.
ამ ეტაპზე, 3 პროექტში ვიღებ მონაწილეობას, რათა მეწარმეობის კუთხით ცოდნა გავიღრმაო. პროექტს, რომელშიც ბოლოს გავიმარჯვე დანიის საბჭო ახორციელებდა, მიღებული 8000 ლარით კი საწარმოსთვის საქარგი მანქანა შევისყიდეთ და ჩვენს მომხმარებელს უკვე ქარგვის მომსახურებასაც ვთავაზობთ,“ – აცხადებს სოფიო ტუაევი.
აღსანიშნავია, რომ Atelie Soma–მ პანდემიამდე მინი კოლექცია ქალაქ ბერლინში გაიტანა და ერთ–ერთ გალერეასთან ხელშეკრულებაც გააფორმა, სადაც ქალის საღამოს კაბები იყიდებოდა.
“როგორც ყველა მეწარმისთვის, ჩვენთვისაც პანდემია დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. ამ პერიოდში მაქსიმალურად ვეცადეთ უმტკივნეულოდ გადაგველახა კრიზისი და მოვრგებოდით არსებულ სიტუაციას. სასწრაფოდ დავიწყეთ პირბადეების დამზადება, თუმცა აქაც დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, თუ რა ტექნოლოგიით დაგვემზადებინა პირბადეები, რომ სამედიცინო სტანდარტი დაგვეცვა. გადავედით 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე, რათა დაგვეკმაყოფილებინა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა და საწარმოები პირბადეებით მოგვემარაგებინა,“ – აღნიშნავს ატელიეს დამფუძნებელი.
Atelie Soma ქალაქ გორში 2015 წლიდან ფუნქციონირებს და საწყის ეტაპზე მისი მიმართულება სამოსის ინდივიდუალურად შეკერვა/გადაკეთება იყო. 1 მკერავით დაწყებული ბიზნესი ახლა რამდენიმე თანამშრომელს აერთიანებს და მუდმივად განვითარების პროცესშია.