ბიზნესი
07/10/2020

ასოციაცია: მედიკამენტებზე ფასების შესანარჩუნებლად ლარის გაუფასურების დაზღვევა უნდა მოხდეს

მედიკამენტების ფასნამატები ლარის კურსის გაუფასურების ფონზე მაქსიმალურად მინიმიზებულია და ფარმაცევტული კომპანიები დაბალი მოგების მარჟაზე მუშაობენ, - ინფორმაციას ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციიაში ავრცელებენ.

გაერთიანების მტკიცებით, კომპანიები საკუთარი რესურსით ცდილობენ ფასების სტაბილურად შენარჩუნებას.

„მვცდილობთ არ მოხდეს ეროვნულ ვალუტაში ფასის აწევა. კომპანიები საკუთარი რესურსებით ცდილობენ ამის გაკეთებას, მაგრამ ეს რესურსები უსაზღვრო არ არის. ის „ნახტომი“ რაც ეროვნულმა ვალუტამ გააკეთა პროპორციულად არ ასახულა მედიკამეტების ფასზე. მით უმეტეს იმ ფონზე როდესაც კოვიდის გამო ტრანსპორტირების საშუალებები შეზღუდული იყო და მედიკამენტების იმპორტი ამ ნაწილშიც გაძვირდა,“ - ირაკლი მარგველაშვილი

ასოციაციაში სამომავლო ფასების ზრდის რისკების დაზღვევის ერთ-ერთ გზად გაცვლითი კურსის კომპენსაციას განიხილავენ. გაერთიანებაში განმარტავენ, რომ გარკვეული ტიპის მედიკამენტებზე ფასის ზრდის თავიდან ასაცილებლად რაიმე ფორმით ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტორის დაზღვევა უნდა მოხდეს. მათი განმარტებით, სუბსიდიის პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგრეთწოდებული ესენციალური მედიკამენტებზე გავრცელდეს.

„ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გაცვლითი კურსის კომპენსაციის მაგალითები უკვე არსებობს და შეგვიძლია ეს პრაქტიკა ჩვენც გამოვიყენოთ. საქართველოში კარგად არის გამართული სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის ქრონიკული მედიკამენტების პროგრამა. იქ კარგად არის გაწერილი რა სახის და რა ოდენობის მედიკამენტები გვჭირდება იმისთვის რომ სოციალურად დაუცველთა მოთხოვნილებები დავაკმაყოფილოთ. შესაბამისად, ეს მონაცემები შეგვიძლია გამოვიყენოთ იმ სიის განსაზღვრისთვის, რომელზეც სუბსიდიის გავრცელება მოხდება. რასაკვირველია ეს არ უნდა იყოს გრძელვადიანი პროექტი და უნდა გაგრძელდეს მხოლოდ იმ პერიოდზე, სანამ ვითარება არასტაბილურია,“ - ირაკლი მარგველაშვილი.

გაერთიანებაში მზადყოფნას გამოთქვამენ დაინტერესების შემთხვევაში შესაბამის უწყებებთან ერთად მედიკამეტებზე ფასების მომატების პრევენციის სხვადასვა გზაზე იმსჯელონ.

ცნობისთვის, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციია 16 კომპანიას აერთიანებს, რომლებიც საშუალოდ მთლიანი ბაზრის 35-40%-ს შეადგენს.