ბიზნესი
30/11/2021

ასოციაცია: გადასახადების დასაბეგრი ბაზის 65-70%-ით გაზრდა, ფაქტობრივად, სათამაშო ბიზნესის დანგრევაა

ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას “ბიზნესპარტნიორთან“ სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი აფასებს. მისი განცხადებით,

სათამაშო ინდუსტრიის ამ ფორმით შეზღუდვის შედეგად დაზარალდება როგორც სფერო, ისე ზოგადად ქვეყანა, - ასე აფასებს ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით ინიციატივას სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 

როგორც გიორგი მამულაიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, საკმაოდ ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი, ქვეყნიდან გავა ინვესტიციები და რა თქმა უნდა, ახლის შემოსვლას ხელი შეეშლება.

„ციმედოვნებთ, ამ კვირაში შევხდებით ფინანსთა მინისტრს  და შევძლებთ გავაჟღეროთ კონკრეტული მაგალითები. ამ დროისთვის არ ვიცნობთ კანონპროექტის საბოლოო ვერსიას. თუმცა, ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული განცხადებების გაკეთება, სადაც საუბარია ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზის  65-70%-ით გაზრდაზე, ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია. ეს ფაქტობრივად ბიზნესის დანგრევაა, რადგან ბიზნესს მოუწევს ყოველთვის ოპტიმიზაცია გააკეთოს, ეს კი შეიძლება მოხდეს კონკრეტული სამუშაო ადგილების შემცირებით, რაც საკმაოდ დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის. სათამაშო ბიზნესი ვეღარ განახორციელებს ინვესტიციებს,“ - აცხადებს მამულაიშვილი და დასძენს, რომ ინვესტიციების განხორციელების სურვილი აღარც ახალ ინვესტორებს ექნებათ. 

„საქართველო ყოველთვის საინტერესო იყო აღნიშნულ სფეროში სხვადასხვა უცხოური ქვეყნებისთვის. ინვესტიციების განხორციელებისთვის. ეს მიმზიდველობა როდესაც დაიკარგება, საქართველოს აღარ ექნება საშუალება გახდეს  რეგიონში არსებული  ე.წ ჰაბი აზარტული თამაშების მიწოდების და განვითარების კუთხით. ბევრმა ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ მიიღო სათამაშო ბიზნესის ლეგალიზების კანონი. შესაბამისად, ეს ხალხი გადაინაცვლებს ახალ ბაზარზე და საქართველო ეკონომიკიურად დაზიანდება,“ - აცხადებს მამულაიშვილი.

რაც შეეხება ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევას, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   განმარტავს, რომ ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის. მისი განცხადებით, ეს გამოიწვევს ამ კონტიგენტის გადასვლას უცხოურ საიტებზე.

„დღეს კი არ არსებობს ტექნოლოგია, რომ მოხდეს სრული შეზღუდვა. მაშინ უნდა ჩავკეტოთ ქვეყანა, როგორც ეს ირანმა გააკეთა. შესაბამისად, გაჩნდება ბევრი არალეგალური საიტი, კრიპტოკაზინო. დაიწყება „ხელზე მაზაობა“. ეს დააზიანებს იმ ახალგაზრდებს, ვინც ამ თამაებში იქნებიან ჩართულნი,“ - აცხადებს მამულაიშვილი.

მისი განცხადებით, შეზღუდვა არ არის გამოსავალი და მას დადებითი ეფექტი არ მოაქვს.

მამულაიშვილი ამბობს, რონ სათამაშო ბიზნესთან ბევრი კომპანია და ბიზნესია დაკავშირებული. მათ შორის, მჭიდრო კავშირშია  მედიასაშუალებები, სარეკლამო კომპანიები, სპორტული გადაცემები, ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო რეჟიმის შეცვლას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით,ნჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.

ამასთან, ასაკობრივი ზღვარი გაიზრდება 25 წლამდე. მისი თქმით, ინიცირებულ ვარიანტში გაწერილია კონტროლის შესაბამისი მექანიზმები. პრემიერის განმარტებით, შეზღუდვა ეხება რეკლამასაც. 

"აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება და ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს ეს დაშვება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.