ბიზნესი
25/10/2020

აშშ-სა და ევროპის ბაზარზე შინაური ცხოველების ქართული წარმოების ავეჯზე მაღალი მოთხოვნაა

აშშ-ს ბაზარზე შინაური ცხოველების ქართული წარმოების ავეჯზე მაღალი მოთხოვნაა.

კომპანია "ჯეო პროდაქტი“ ექსპორტზეა ორიენტირებული და პროდუქციის 100%, ქართული წარმოების აღმნიშვნელი წარწერით Made in Georgia - ევროკავშირის ბაზარზე 2015 წლიდან იყიდება. კომპანია გერმანიის, ჰოლანდიის, ბელგიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პოლონეთისა და ინგლისის საწყობებს ამარაგებს, საიდანაც ხდება პროდუქციის გადანაწილება.   

შინაური ცხოველების მწარმოებელი ქართული საწარმო ყოველდღიურად 120 დასახელების 4 000 პროდუქტს აწარმოებს, წლიური გაყიდვები კი დაახლოებით 20 მილიონ დოლარს აღწევს. ცხოველების ქართული წარმოების ავეჯი ამერიკის ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გავიდა, თუმცა ბოლო პერიოდში მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა და როგორც კომპანიაში ამბობენ, ამის გათვალისიწნებით წარმოებას წელს 35%-ით გაზრდიან. 

"ჯეო პროდაქტის“ ხელმძღვანელი დავით ბარდაველიძე "ბიზნესპარტნიორთან“ იმ სიახლეების შესახებ საუბრობს, რის განხორციელებასაც კომპანია  2020-2021 წლებში გეგმავს.

"ჩვენი პროდუქტი ამჟამად ევროკავშირის ქვეყნების 2.5 მლნ ოჯახშია. ამერიკის ბაზარზე ჩვენი შესვლა, პანდემიის პირველ ფაზას დაემთხვა. ამერიკაში მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე ბოლო  პერიოდში მკვეთრად არის გაზრდილი, ამიტომ ამ ეტაპზე კომპანიის მიზანია  წარმოების  გაზრდა, რათა დავაკმაყოფილოთ როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის ბაზრის მოთხოვნები. ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 

ევროკავშირიც  და ამერიკაც, მაღალი ხარისხის პროდუქციას ითხოვს. ჩვენი პროდუქტი გამორჩეულია, რადგან პროდუქციას ნატურალური ხისგან  ვაწარმოებთ. მოთხოვნიდან გამომდინარე წარმოების გაზრდას ვგეგმავთ. წინასწარი გათვლებით, 2021 წელს კომპანიის  საექსპორტო გაყიდვები 30-35 %-ით გაიზრდება, რაც გაგვიზრდის შემოსავლებსაც და ეს მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტზე ვართ ორიექნტირებული, ახლო მომავალში ქართულ ბაზარზე შემოსლასაც ვგეგმავთ.  საწარმოში  ამჟამად 500-ზე  მეტი ადამიანია დასაქმებული და დამატებით 100 ადამიანის დასაქმებას ვგეგმავთ,“  - ამბობს "ჯეო პროდაქტის“ დამფუძნებელი.

„ჯეო პროდაქტი“  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი ბენეფიციარია, რომელმაც 2014 წელს, ინდუსტრიული მიმართულების პროგრამის ფარგლებში სესხის კომპონენტით ისარგებლა და შინაური ცხოველების ავეჯისა და საკვების საწარმოებლად, საწარმოს მშენებლობა და უახლესი ტექნოლოგიის დანადგარებით აღჭურვა შეძლო. შინაური ცხოველებისთვის საკვებს კი კომპანია 2018 წლიდან აწარმოებს.

 

 

 

 

Businesspartner