ბიზნესი
21/10/2022

"არემჯის" მხარდაჭერით სამთო საქმისა და გეოლოგიის მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის, ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ  კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

20-21 ოქტომბერს, ორ დღიანი კონფერენციის ფარგლებში საკუთარი მოხსენებით 26 სპიკერი წარსდგება. განსახილველ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა: სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალურ პრობლემების შეფასებას და გადაწყვეტის გზებს, მინერალური რესურსების როლს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, გარემოსდაცვით ღონისძიებებს და სხვა.

კონფერენციის მონაწილეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, ასევე შესაძლებლობა ექნებათ  გაეცნონ კონფერენციის ფარგლებში მომზადებულ 16 სასტენდო მოხსენებას, რომელიც საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ვებ-გვერდზე პრეზენტაციის სახით გამოქვეყნდება.

არემჯი 2018 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ  კონფერენციის გენერალური სპონსორია.  კონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვაში, თორნიკე ლიპარტიამ ხაზი გაუსვა კომპანიას და უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას და წარმატება უსურვა ყველა მონაწილეს.

,,მოხარული ვარ, რომ ჩვენ ასე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებისა თუ პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები ვართ. ვფიქრობ, ეს მდგრადი პარტნიორობა მნიშვნელოვანია, როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ქვეყანაში სამთო-საქმისა და გეოლოგიის დარგის განვითარებისთვის. კონფერენცია მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის დარგით დაინტერესებული პირებისთვის, გაცვალონ თანამედროვე მიდგომები და ცოდნა. - აღნიშნა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.