ბიზნესი
31/03/2021

არჩილ გაჩეჩილაძე შესაძლო ლოქდაუნზე: თუ ამის აუცილებლობა დადგა, ბიზნესმა წინასწარ უნდა იცოდეს

პრემიერთან შეხვედრაზე კერძო სექტორმა ერთ-ერთ საკითხად დამატებითი შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ბიზნესის წინასწარ გაფრთხილება დააყენა.

"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, კიდევ ერთი ჩაკეტვა კერძო სექტორისთვის ძალიან მძიმე იქნება.

"გაჟღერდა ეს საკითხი. მესამე ჩაკეტვის შემთხვევაში ბიზნესისთვის ეს იქნება უმძიმესი. თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ბიზნესი უნდა მოემზადოს. ასე რომ, რაც უფრო ადრე ითქმევა... ორი ჩაკეტვა ბიზნესებისთვის და ბანკებისთვის ძალიან მძიმე. ასე რომ, თუ ამის აუცილებლობა დადგა აუცილებლად წინასწარ უნდა გაცხადდეს გეგმები, რადგან ბიზნესები გადალაგდნენ და ადაპტაცია გაიარონ.

კითხვაზე, მიიღეს თუ არა პრემიერისგან დაპირება, რომ კერძო სექტორს ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილებენ, გაჩეჩილაძემ უპასუხა:

“ყოველ შემთხვევაში მოისმინეს ეს პოზიცია და მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული”,- აღნიშნა მან.

ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, ეპიდემიოლოგებსა და ჯანდაცვის სექტორს მესამე ტალღის მოლოდინი აქვს. ბიზნესი უკვე აქტიურად საუბრობს, რომ ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში ამ გეგმის შესახებ ისინი წინასწარ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი.