არასახარბიელო შედეგები - როგორ შეცვალა COVID-მა ლუდის ინდუსტრია
ლუდის ინდუსტრიაში 2020 წლის ზაფხულის სეზონს აფასებენ. შედეგები არც თუ ისე სახარბიელოა. „ნატახტარის“ მწარმოებელი „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ბაზარი გასულ წელთან შედარებით უარეს მდგომარეობაშია.
„აგვისტოს მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს. ივლისის მონაცემებით, ბაზარზე ოდნავ შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია. თუმცა, სექტორში გადანაწილება მოხდა. თუ ადრე პრემიუმი, სუპერ პრემიუმი და ვთქვათ, მეინსთრიმი იყო ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი, პანდემიის გამო ეს სეგმენტი შემცირდა და შესაბამისად, მეტი გაყიდვები ეკონომ სეგმენტის ლუდზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად ღირებულება შემცირდა. ეკონომ სეგმენტიდან მიღებული შემოსავალი უფრო ნაკლებია, ვიდრე მეინსთრიმიდან და აფერმეინსთრიმიდან. საბოლოო ჯამში, უფრო უარეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე შარშან ვიყავით. ამას კიდევ ემატება მთლიანად ჰორეკა სექტორი, რომელიც, სამწუხაროდ, პრაქტიკულად ტურიზმთან მიმართებით ნულზე დავიდა. ამანაც დიდი გავლენა მოახდინა ლუდის ინდუსტრიაზე“,- აღნიშნა ხუნძაკიშვილმა.
პრობლემების მიუხედავად, ლუდის ინდუსტრიაში პოზიტიური მოლოდინები აქვთ. 2021 წლის ზაფხულის სეზონისთვის მზადებას კი უახლოეს მომავალში დაიწყებენ.
„ჩვენთან ლუდის ინდუსტრია სეზონურია. სექტემბროდან დაწყებული ზამთრის სეზონი და ადრეული გაზაფხული ის პერიოდია, როდესაც სერიოზულად უნდა მოვემზადოთ ზაფხულისთვის. მოლოდინები, რა თქმა უნდა, პოზიტიური გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ცხოვრება პანდემიასთან მიმართებით უფრო მოქნილი ხდება. ვსწავლობთ ახალ რეალობაში ცხოვრებას. გამოწვევები არის, თუმცა კომპანიები მზად არიან, რომ ეს პრობლემა არ გადაიქცეს ეგზისტენციალურ პრობლემად“,- განმარტა „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა.