ბიზნესი
10/01/2023

"არ გვყოფნის ფართი" – "ავერსი კლინიკა" 2 ახალი კორპუსის მშენებლობას იწყებს

„ავერსის“ კლინიკების ქსელი თბილისში, ცენტრალური კლინიკის ტერიტორიაზე, ასევე გორში ახალი კორპუსის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ „ავერსის კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს კომპანიას, კლინიკებში ახალი სერვისები აამოქმედოს.

„გაფართოება მნიშვნელოვანია, რადგან ყველგან ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს – არ გვყოფნის ფართი. დავიწყეთ ცენტრალურ ფილიალში პროექტირების პროცესი და ვიწყებთ ახალი კორპუსის მშენებლობას, რაც მოგვცემს საშუალებას, დავამატოთ ის სერვისები, რაც დღეს ცენტრალური ფილიალისთვის საკმარისი არ არის. ასევე დავასრულეთ პროექტირება ახალი კორპუსისთვის გორში და დავიწყებთ მშენებლობას,“ – აღნიშნა ჯორბენაძემ.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში „ავერსი“ სრულად იყო ჩართული კოვიდის მართვის პროცესებში, 2022 წლის გაზაფხულიდან კი, როცა პანდემიამ უკან დაიხია, ჩვეულ რეჟიმთან ადაპტირება გახდა საჭირო, რაც მარტივი არ ყოფილა, თუმცა, მისივე შეფასებით, 2022 წელი წარმატებული იყო, მოხდა კლინიკების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, შეძენილ იქნა 4 მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, რომელთაგან ორი თელავსა და რუთავში გადანაწილდა, ორი კი – თბილისში.

დიმიტრი ჯორბენაძის ინფორმაციით, გასულ წელს „ავერსმა“ ასევე შეიძინა ბოლო თაობის ორი ექოსკოპი, რომელიც „ჯენერალ ელექტრიკმა“ სულ ახლახანს წარადგინა. აპარატი იძლევა საშუალებას, ექსოსკიპიაში ხელოვნური ინტელექტი იქნას გამოყენებული, რაც ზუსტი დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლიდან „ავერსი ფარმამ“ უნდა მიიღოს იმ ტერიტორიის განკარგვის საშუალება, სადაც ამჟამად თბილისის ინფექციური კლინიკა ფუნქციონირებს. ეს კი „ინფექციურის“ ახალ შენობაში გადასვლაზეა დამოკიდებული, რომელშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები იქ მაისისთვის უნდა დასრულდეს. შესაბამისად, სავარაუდოდ 2023 წლის შუა პერიოდისთვის „ავერსს“ თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ტერიტორიაზე საინვესტიციო გეგმების განხორციელების საშუალება მიეცემა. კონკრეტულ გეგმებზე, რომლებიც ამ ტერიტორიას უკავშირდება, კომპანიაში არ საუბრობენ. „ავერსი ფარმას“ დირექტორმა რამდენიმე თვის წინ jandacva.ge-სთან საუბარში მხოლოდ ის აღნიშნა, რომ გეგმავენ ამბულატორიის განვითარებას და ამბულატორიული სერვისების ერთ შენობაში თავმოყრას.

jandacva.ge