APM Terminals-მა ფოთის ნავსადგურში 10 წლის განმავლობაში 85 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა
ეიპიემ ტერმინალს ფოთი 10 წლისაა.
ფოთს საზღვაო ნავსადგურში ეიპიემ ტერმინალსმა 2011 წლიდან დაიწყო ნავსადგურის მართვა.
კომპანიის ცნობით, გასული ათი წლის განმავლობაში, ფოთის საზღვაო ნავსადგურის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებისა და მოდერნიზაციის კუთხით განხორციელდა 85 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რომელიც მიმართული იყო მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის, სანავსადგურე ფლოტის, საბაჟო ცენტრისა და სარკინიგზო და საავტომობილო გზების განახლებაზე.
პარალელურად, გატარდა მრავალმხრივი ცვლილება ოპერაციების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების კუთხით. შედეგად, გაიზარდა ნავსადგურის საოპერაციო მოცულობა.
„მაერსკის გლობალური სტრატეგიის კვალდაკვალ, ეიპიემ ტერმინალს ფოთს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გრძელვადიანი ხედვა აქვს, რისი ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითიცაა ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტი. აღნიშნული წამოწყება უმნიშვნელოვანესია დაგეგმილი ლოგისტიკური დერეფნის განვითარებისთვის, რაც გააძლიერებს საქართველოს როლს შუა აზიასა და ევროპას შორის სავაჭრო ურთიერთობებში და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის და სრულიად რეგიონის ეკონომიკებს“, - აცხადებენ კომპანიაში.
მათი ცნობით, ახლახანს გამოცხადებული მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის მასშტაბური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ფოთში მცირე მეწარმეობის გამოცოცხლებას, წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს ეიპიემ ტერმინალს ფოთის სისტემური მიდგომისა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სოციალური პროექტითა თუ ინიციატივით ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებასა და მხარდაჭერას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ხარისხიანი განათლება, სოციალური დაცულობა თუ მდგრადი განვითარება.
“გვეამაყება, რომ ეიპიემ ტერმინალსის მმართველობის პირობებში, ფოთის საზღვაო ნავსადგური ყალიბდება თანამედროვე, სტაბილურ, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ეფექტურ ორგანიზაციად, ნავსადგურის კიდევ მეტად განვითარების დიდი სამომავლო გეგმებით, რაც საბოლოო ჯამში, სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან სარგებელს ქმნის ფოთისთვის, საქართველოსა და სრულიად რეგიონისთვის” - განაცხადა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა.