ბიზნესი
29/03/2021

APM Terminals ფოთი ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას იწყება

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად, მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის პროგრამას იწყება.

“ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ (APMTerminals4Poti) პროგრამა მიმდინარეობს ეიპიემ ტერმინალს ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში და მოიცავს როგორც ახალი, ასევე, არსებული მცირე მეწარმეობის წახალისებას, კონკურენტული ბიზნეს და დასაქმების შესაძლებლობების შექმნით.

პროგრამა, რომელიც ფოთის მოსახლეობას არაერთ პირდაპირ თუ არაპირდაპირ სარგებელს მოუტანს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში უშუალოდ განხორციელდება ექსპორტის განვითარების ასოციაციისა (EDA) და მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის, რეგიონალური განვითარების ასოციაციის (RDA) მიერ.

პროგრამით გათვალისწინებულია 80-ზე მეტი მცირე ბიზნეს პროექტის დაფინანსება, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ფოთის მოსახლეობას გაუმარტივებს წვდომას სასურველ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე. თითოეულ პროექტზე გამოყოფილი მაქსიმალური მიზნობრივი ბიუჯეტი 4,000 ლარია და გულისხმობს მოსარგებლეების თანამონაწილეობას, მოთხოვნილი ბიუჯეტის არანაკლებ 20%-ის ოდენობით.

პროგრამის ჯამური ბიუჯეტი, შესაბამისი გადასახადების ჩათვლით, შეადგენს 800,000 ლარს. წარმოდგენილი ბიზნეს იდეის სფერო არ არის შეზღუდული, თუმცა, სასურველია მოიცავდეს ადგილობრივი რეალობისთვის ახალი, ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების უზრუნველყოფას, აუცილებელია, რომ იყოს მდგრადი სოციალური და ეკონომიკური შედეგის მომტანი და ხორციელდებოდეს ქალაქ ფოთში. რამდენადაც „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა, პროგრამის პრიორიტეტია ეკონომიკურ საქმიანობაში მეტი ქალის ჩართვა; გარდა ამისა, ახალგაზრდობისა და მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა შეუქცევადად წარმოადგენს კომპანიის უმთავრეს ამოცანას.

მიზნობრივი დაფინანსების ბიუჯეტის 40% მიმართული იქნება სწორედ ქალების, ახალგაზრდებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დაფინანსებაზე (იხილეთ ინფორმაცია პროგრამის პრიორიტეტული განმცხადებლების შესახებ www.eda.org.ge/4poti). მოცემული მიდგომა თანხვედრაშია კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის ზოგად სტრატეგიასთან, ადგილობრივი საჭიროებების მხარდაჭერის კვალდაკვალ, განახორციელოს მდგრადი განვითარების პრიორიტეტულ მიზნებზე მიმართული მრავალმხრივი, ქმედითი ღონისძიებები.

"დამოუკიდებელი და სტაბილური მცირე ბიზნესის არსებობას საქართველოში, განსაკუთრებით კი ფოთში, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ეს სეგმენტი წარმოადგენს ეკონომიკის საფუძველს და ქვეყნის წარმატებული მომავლის საწინდარს. ამ პროგრამის დაწყებით, გვსურს მოტივირებული ადგილობრივი მეწარმეებისთვის შევქმნათ შესაძლებლობები, რაც სრულად ეხმიანება ჩვენს, „მაერსკის“ ღირებულებებს და მდგრადი საქმიანობის პრინციპებს.”- განაცხადა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა.

Businesspartner