ბიზნესი
17/02/2021

აპლიკაცია RedCap-ი რეგიონალურ ბაზარზე გასვლას გეგმავს

აპლიკაცია RedCap–ი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს, ტვირთის გადამზიდავს და ასეთი საჭიროების მქონე ადამიანს/იურიდიულ პირებს, რეგიონალურ ბაზარზე გასვლას გეგმავს.

კომპანიის გენერალური დირექტორი ლადო ბუცხრიკიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიამ რეგიონალურ ბაზარზე გასასვლელად აქტიურად დაიწყო ინვესტიციების მოძიება და ერთიანი ძალისხმევით არამხოლოდ საქართველოს ბაზარზე აპირებს აჩვენოს მომსახურების მაღალი ხარისხი, არამედ რეგიონალურ რუკაზეც გაჩნდეს აპლიკაციის სახელი.

„მომავალში ვფიქრობთ უფრო აქტიური თანამშრომლობა დავიწყოთ დიდ სავაჭრო კომპანიებთან, სამშენებლო მაღაზიებთან და ბაზრობებთან, რომ ჩვენი სერვისის საჭიროება და სანდოობა დავანახოთ. რამდენად მარტივად შეუძლიათ ჩვენი დახმარებით გაზარდონ როგორც მომხმარებლის კმაყოფილება, ასევე გაყიდვები. ინვესტიციების მოსაზიდად მონაწილეობას მივიღებთ საგრანტო კონკურსებშიც.

დღეს ვმუშაობთ მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა ძირითადი მიზნობრივი მომხმარებლები მაინც თბილისში გვყავს. წლის ბოლომდე გეგმაშია საქართველოს სრულად ათვისება და მომდევნო წლიდან რეგიონალურ ბაზარზე გასვლა. აპლიკაციის სიმარტივე და ტექნოლოგია შესაძლებლობას გვაძლევს სისტემის მცირედი მოდიფიკაციებით ნებისმიერ ქვეყანაში გავიტანოთ ჩვენი პროდუქტი,“ – აცხადებს ლადო ბუცხრიკიძე.

RedCap–ის პლატფორმაზე დარეგისტრირება შეუძლიათ დიდი, საშუალო ან პატარა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს და მტვირთავებს. მომხმარებელს შეუძლია პირდაპირ აპლიკაციით იპოვოს მისთვის მისაღები მძღოლი/მტვირთავი და გამოიძახოს სასურველ დროსა და მისამართზე. პროექტის საინვესტიციო ღირებულება, ამ ეტაპისტვის, 50.000 ლარია.

„მომავალში ვაპირებთ დავამატოთ ევაკუატორის სერვისი, რომელიც ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საქმეს როგორც სადაზღვეო კომპანიებს, ასევე ჩვენს მომხმარებლებს, რომლებსაც მსგავსი საჭიროება ექნებათ. რა თქმა უნდა, ეს არ არის აპლიკაციის საბოლოო ვერსია და ყოველდღიურ რეჟიმში, მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე ვაახლებთ სისტემას, ვამატებთ ახალ ფუნქციონალს, რომ რაც შეიძლება მარტივი, მოსახერხებელი და კომფორტული გავხადოთ მომსახურება,“ – აცხადებს RedCap–ის გენერალური დირექტორი.

ახალი ბრენდი RedCap-ი ბაზარზე პანდემიის პირობებში გამოჩნდა.