აპექს დეველოპმენტი: ახალი რეგულაციის შედეგად, სამუშაოები დროში გახანგრძლივდება
„სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა სამუშაო დროის 48 საათიდან 40 საათამდე შემცირებამ, შესაძლოა გარკვეული სამუშაოების დროში გახანგრძლივება გამოიწვიოს.“ - ამის შესახებ „აპექს დეველოპმენტის“ დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
მისივე თქმით როგორ აისახება რეგულაცია სექტორზე, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, ამ ეტაპზე მოლოდინები უმეტესწილად დადებითია.
„არის გარკვეული გამოწვევები იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაო პერიოდი შემცირდება, თუმცა გვესმის რა ევროსტანდარტების და ზოგადად, სამუშაო პირობების გაუმჯობესების აუცილებლობა, ვთვლით, რომ დასაქმებულთა ინტერესების გათვალისწინება, დადებითად აისახება საბოლოო ჯამში კომპანიებზე. შესაბამისად, ახალ რეგულაციებს ძალიან სწრაფად მოვერგებით.“-აღნიშნა ნიკოლოზ ფორჩხიძემ.
მისივე თქმით, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე სამდღიანი დასვენების დღეა, მათი გამოცდილება კი გვიჩვენებს, რომ დასვენებული კადრი უფრო მეტად შრომისუნარიანია. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკურია. ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სამუშაოების დროში გახანგრძლივება, ან პირიქით. ამას დრო გვაჩვენებს.
ცნობისთვის, სამშენებლო ინდუსტრია ერთ-ერთია იმ სექტორებს შორის, რომელზეც სპეციფიკური სამუშაო რეჟიმი ვრცელდება. მიმდინარე წლიდან, მშენებლობაზე დასაქმებულთა სამუშაო დრო 48 საათიდან 40 საათამდე შემცირდა. დადგენილზე მეტი დროით მუშაობის შემთხვევაში კი ყოველ გადაცილებულ საათზე დასაქმებულებმა უნდა მიიღონ ზეგანაკვეთური ანაზღაურება.