ბიზნესი
29/03/2022

ანაგი: ფასების ინდექსაციის გარეშე ტენდერები ნაკლებად მიმზიდველია

სამშენებლო-ინფრასტრუქტურული კომპანიები სახელმწიფო პროექტების ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებში ფასების ინდექსაციის კომპონენტის გათვალისწინებას აქტიურად ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტების გაჩერებას პროგნოზირებენ.

სამშენებლო კომპანია “ანაგის“ გენერალური  დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია არსებობდეს შეთანხმების ისეთი მოდელი, რომლის თანახმადაც, თუ სამშენებლო მასალებზე გარკვეული ზღვარის შემდეგ ღირებულება გაიზარდა, მაშინ ამ გაზრდილ ღირებულებას სახელმწიფომ აანაზღაურებს.

„სამშენებლო მასალების 5-10%-ით გაძვირების პირობებში, სხვაობის დაბალანსება ბიზნესს საკუთარი რისკის ხარჯზე უწევს, ასეთი მასშტაბის დროს არც სახელმწიფო წამოვა ინდექსაციაზე, მაგრამ მაშინ, როდესაც საუბარია, სამშენებლო მასალების 30%-იან ზრდაზე, წარმოუდგენელია ასეთ პირობებში სამუშაოების შესრულება. ამ მასშტაბის  ცდომილების გათვალისწინება წინასწარ, ჯერ ერთი, შეუძლებელია და რომც გაითვალისწინო, თავიდანვე ძვირადღირებული მომსახურეობა გექნება,“ - აცხადებს გოგოლიშვილი.

მისი ინფორმაციით, შესაძლოა ინდექსაციის მოდელი მუშაობდეს როგორც ფასების ზრდის, ისე შემცირების შემთხვევაშიც. მაგალითად, მასალების გაძვირების დროს სახელმწიფომ მოახდინოს გაზრდილი ღირებულების კომპენსირება, გაიაფების შემთხვევაში კი მშენებლებმა შემცირებული ღირებულება დააბრუნონ.

„სახელმწიფო შესყიდვების დროს პრაქტიკაში გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც მსოფლიო ბანკის ან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  (EBRD) მიერ დაფინანსებულ სახელმწიფო პროექტებში ფასების ინდექსაციის კომპონენტი გათვალისწინებულია,“ - აცხადებს გოგოლიშვილი.

სამშენებლო კომპანია „ანაგის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, თუ ეს საკითხი არ იქნა მთავრობის მიერ გათვალისწინებული, სახელმწიფო პროექტებს ვერცერთი კომპანია ვერ განახორციელებს.

„არსებობს გარკვეული ზღვარი, რომლის მიღწევამდე შესაძლოა კომპანიამ საკუთარი მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე იმუშაოს. თუმცა,როდესაც ეს პროცენტი საკმაოდ დიდია და კოლოსალურ თანხებზეა საუბარი,შეუძლებელია. ყველა სამშენებლო ხელშეკრულება არის გრძელვადიანი - 12-24 თვიანი და ამ ვადაში რა იქნება ერთეულზე ფასი ამის წინასწარ დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელია,“-აცხადებს გოგოლიშვილი.

მისი განცხადებით, ამჟამად „ანაგი“ ორ სახელმწიფო პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა, თავდაცვის სამინისტროს დაკვეთოთ მახათას  მთაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.

„უამრავი ტენდერი ცხადდება, მონაწილეობის მიღების სურვილი გვაქვს, თუმცა, ამ ინსტრუმენტის არ არსებობის გამო ნაკლებად შესაძლებელია მონაწილეობა მივიღოთ,“-აცხადებს გოგოლიშვილი.

როგორც ცნობილია, გასული კვირის ბოლოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასების ინდექსაციასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ მშენებლები ფასების ინდექსაციის საკითხის გათვალისწინებას სახელმწიფო ტენდერებში წლებია ითხოვენ, თუმცა, უშედეგოდ.